ბავშვი ინსულტის დიაგნოზით: 13 წლის მოზარდის განკურნების ისტორია

ალექსანდრე კონდოლელი 13 წლის მოზარდია თბილისიდან. მან რამდენიმე თვის წინ ინსულტზე გამარჯვება შეძლო. საუბარია სუბარაქნოიდულ ჰემორაგიაზე. სისხლჩაქცევა იმდენად მოცულობითი იყო, რომ ექიმები გაოცებას ვერ მალავდნენ.

როგორც მოზარდის დედა იხსენებს, მშობლები ალექსანდრესთან ერთად ნაძვის ხის აწყობას გეგმავდნენ, როდესაც, მოულოდნელად, მისი ოთახიდან უცნაური ხმები შემოესმათ. როცა კარი გამოაღეს, ნახეს სრულიად გაშეშებული ბავშვი, რომელიც ერთ წერტილში იყურებოდა და უემოციოდ იჯდა. ალექსანდრემ ოჯახის წევრების ყურადღების მიქცევა მხოლოდ ხელების ოდნავი მოძრაობით შეძლო.

„საბურთალოდან დიღომში 15 წუთში ისე აღმოვჩნდით, გააზრებაც გაგვიჭირდა. ჩვენი სწრაფი მობილიზება ჩვენი მეზობლის დამსახურებაა, რომელიც სასწრაფო დახმარების თანამშრომელია. ის მაშინათვე მიხვდა, რომ ნევროლოგიურ დარღვევასთან გვქონდა საქმე,“ – იხსენებს პატარა პაციენტის დედა.

ალექსანდრე იაშვილის ბავშვთა ჰოსპიტლიდან კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ანევრიზმა გამოირიცხა, თუმცა დადასტურდა იშვიათი დიაგნოზი ბავშვებში – სუბარაქნოიდული ჰემორაგია, ანუ ინსულტის ერთ-ერთი ტიპი. კისრის დონეზე არსებული დურალური ფისტულა კიდურებში პარეზს იწვევდა.

ბავშვს, თავდაპირველად, სასიცოცხლო მონაცემები არ ჰქონდა, თუმცა მას ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდა. სისხლჩაქცევის შედეგად გამოწვეული გართულებების მიუხედავად, ალექსანდრემ ამ გამოწვევას გაუძლო: ზუსტად 1 თვეში, ორგანიზმის გაძლიერების შემდეგ, პაციენტს ჩაუტარდა ენდოვასკულური ოპერაცია – ფისტულის დახურვა სპეციალური საემბოლიზაციო წებოს გამოყენებით.

ოპერაციული მკურნალობა ნეიროქირურგებმა – მირზა ხინიკაძემ და კოკა გოგიჩაშვილმა განახორციელეს. პატარა პაციენტი ბინაზე ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე, სრულიად გამოჯანმრთელებული გაეწერა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …