თბილისი (BPI) -G&T -იმ ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები კერძო, საჯარო კომპანიების , ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააცნო.
დეტალურად არის განხილული მოხმარების და გენერაციის ტენდენციები, იმპორტის დინამიკა, საექსპორტო ბაზრების პოტენციალი. ასევე პრობლემები, მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რაც ენერგეტიკული გაერთიანების წევრობას უკავშირდება.
2030 წლისთვის მოხმარების გაორმაგებას ვარაუდობენ და გენერაციის ობიექტების მშენებლობის გარეშე იმპორტი გაიზრდება. ამიტომ ასათვისებელია ქვეყნის პოტენციალი. სხვადასხვა ეტაპზე ამ დროისთვის 150 პროექტია, 5.4 გვტ დადგმული სიმძლავრით.
პროექტები შესაძლოა საბოლოო შეფასებისას არ აღმოჩნდეს ტექნიკურად და ეკონომიკურად მომგებიანი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ამ პროექტების იდენტიფიცირებისას არსებული საინვესტიციო გარემო განსხვავებულია დღევანდელისგან. სექტორში მიმდინარე რეფორმები ახალ შესაძლებლობებს აჩენს და ბაზრის ახალი სტრუქტურა ახალი ტიპის ინვესტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
„ღონისძიების მთავარი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან სექტორის აქტიური მონაწილეები – კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები“,- განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.