თბილისი (BPI) – Global Finance-ის რეიტინგი ნიშნავს იმას, რომ ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის წარმატებული, თუმცა, ამასთან არის მნიშვნელოვანი რესურსი ამ წარმატების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ამერიკულმა გამოცემა Global Finance-მა გამოაქვეყნა 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სია, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ლიდერია.
პრემიერის თქმით, უსაფრთხოებაში იგულისხმება ისეთი კომპონენტები, როგორიცაა მოქალაქეთა დაცულობის ხარისხი, კრიმინოგენური მდგომარეობა, ადამიანის პირადი უსაფრთხოება და კონფლიქტის შესაძლებლობა.
„მსოფლიოს 128 ქვეყნიდან, საქართველომ უსაფრთხოების კუთხით 9,68 ქულა დააგროვა და ჩვენ ვართ 49-ე ადგილზე. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და ჩვენ ვუსწრებთ ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანას ამ მაჩვენებლით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.