საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 3000 IT სპეციალისტის უფასო გადამზადების პროგრამის ბოლო ეტაპზე მიღება დაიწყო. 17 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება აქვს, დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ კურსზე 45 მიმართულებით (Game Development, Cisco, Cloud Service, Virtualization, Baაck-end Development, Cyber Security, Blockchain, CAD/CAM/CAE, IT Service Management, AI და სხვა) და სასურველი კურსი სრულიად უფასოდ გაიაროს.
გარდა პროფესიული ტრენინგისა, თითოეული მონაწილე გაივლის ასევე დამატებით კურსს „პროდაქტ მენეჯმენტსა“ და „ფრილანსერობაში“, რათა შეიძინოს საჭირო უნარები და შეძლოს, იმუშაოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვეთებთან/კომპანიებთან. კურსების უმრავლესობა მოიცავს რეალურ პროექტებზე მუშაობას, კურსს უძღვებიან უცხოელი ტრენერები. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ კი ყველა კურსდამთავრებული მიიღებს საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდის ვაუჩერს. ტრენინგები წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე და მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის 1-2 ეტაპის სტატისტიკა:
- 1500+ უკვე გადამზადებული სპეციალისტი
- 6202 აპლიკანტი
- 12 322 შევსებული აპლიკაცია
- 98% კმაყოფილების დონე
- 70% საერთაშორისოდ სერტიფიცირებული სპეციალისტი
- 86% დადებითი გავლენა კურსდამთავრებულებზე
- 55% კურსდამთავრებულების შემოსავლის ზრდა
ტრენინგების ჩატარებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი IT ტრენინგ პროვაიდერი New Horizons უზრუნველყოფს, Space Cad-თან და თბილისის კომუნიკაციის სკოლასთან ერთად. თბილისის კომუნიკაციის სკოლა (Commschool) ჩართული იქნება მონაწილეთა შერჩევის, მხარდაჭერისა და კურსების მენეჯმენტის ნაწილში, ისევე როგორც მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილში.
3000 IT სპეციალისტის უფასოდ გადამზადების ბოლო ეტაპზე 1500-ზე მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება, მოიპოვოს საერთაშორისო სერთიფიკატი და გახდეს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე.
ტრენინგზე რეგისტრაციას ნებისმიერი მსურველი 5 ივნისამდე შეძლებს ვებ- გვერდზე: www.ict.gov.ge