მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში საქართველოსა და მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აჯამებს. მის თქმით, ისევე როგორც ფინეთის და შვედეთის ნატოში წევრობაა გარდაუვალი, ასევე გარდაუვალია საქართველო-უკრაინა-მოლდოვის წევრობა ევროკავშირში.
გიორგი აბაშიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის მოკლევადიან გამყარებაზე ან გაუფასურებაზე ფუნდამენტური ანალიზის გაკეთება არ შეიძლება.
„როდესაც საქართველოში ლარის კურსი ვარდნას იწყებდა, ყველა გამოდიოდა და საუბრობდა ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რომ იცოდნენ რომ ეს მოხდებოდა და კურსი აქეთ მიდიოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამის უკან არაფერი ფუნდამენტური არ იდგა და ეს იყო პანიკური ზრდა, რომელიც პანიკურად დაბალანსდა, ახლა მგონია რომ კლებას აქვს რევერსული პროცესი. ახლა არის გაყიდვების პროცესი, ეროვნული ვალუტა იწყებს გამყარებას, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ უცხოური ვალუტა ნაყიდი და ცდილობენ მიაწოდონ ის ბაზარს, მეორეს მხრივ ჩვენ ერთი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში ამ პერიოდში იმპორტიც შესაძლოა არასათანადო ოდენობით იყოს შემოსული და ვალუტის გადინება უფრო ნაკლებად იყოს დაფიქსირებული, ვალუტის გადინება ნაკლებია იმ ფაქტორთა გამოც, რომ ადამიანები არ გადიან ქვეყნიდან და გადმორიცხვები რომელიც ითქვა, ეს ზოგადი ვარაუდებია და იმის პროგნოზირება, რომ გაგრძელდება გამყარება, რთულია, თუმცა მე გამყარების გრძელვადიანი მოლოდინი არ მაქვს, მე ვთვლი, რომ ტურიზმში გვექნება გეპი ისე, როგორც სხვა ქვეყანას. ჩვენ გარკვეული ტიპის ბაზრებზე ვიყავით მიჯაჭვული ტურიზმის მიმართულებით და მოლოდინები როგორიც გვქონდა ხოლმე აგვისტოში, ასეთი არ იქნება“. – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს ანგარიშს საწვავის ფასებზე, გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში რაც კონკურენციის სააგენტომ გვაჩვენა, იყო ის, რაც ვიცოდით, უბრალოდ ეს სახელმწიფომ დაადასტურა, რომ ამ ბაზარზე არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჰქონდა ადგილი.
„ეს, ბუნებრივია, ამ სიტყვებით არ წერია, მაგრამ მე ეს დასკვნა მაძლევს საშუალებას, მოვახდინო იმის კვალიფიკაცია, რომ ამ ბაზარზე არაკეთილსინდისიერი და არა თავისუფალი ვაჭრობის ელემენტებს ჰქონდა ადგილი. ჰქონდა ადგილი, ჩემი აზრით, გარიგებებს, რომელიც შესაძლოა თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს არღვევდა, ამ დასკვნიდან გამომდინარე, თუ ეს ეჭვი მქონდა, გამიმყარდა.
კონკურენციის სააგენტო გვეუბნება და სვამს კითხვებს, რომლებზეც ერთხელ და სამუდამოდ პასუხები უნდა მივიღოთ და ჩემის მხრიდან უფრო მიმყარდება აზრი და ვისმენ რა მსხვილი კომპანიების შეფასებას ამასთან დაკავშირებით, მაინც მგონია, რომ ფასების გარკვეული ცვლილების ობიექტური რეალობა იყო.
ოლიგოპოლიური შეთანხმებები და კარტელური გარიგებები მთელი მსოფლიოს პრობლემაა, აღმოჩნდა პრობლემები ფარმაციის ბაზარზე? – აღმოჩნდა, გამოინახა შესაძლებლობები ალტერნატივების? – გამოინახა, მაგრამ მაინც დამრჩა დაუკმაყოფილებლობის განცდა, რომ არ მივეცით კვალიფიკაცია და სათანადოდ არ შევაფასეთ, თუ რატომ იყო ეს პრობლემები წარმოქმნილი, ეს სამსჯელო საკითხია, იქნებ აქაც კომპანიების არაკეთილსინდისიერებას ჰქონდა ადგილი, ჩემი აზრით ვითარება ბოლომდე არ იყო შეფასებული და ვარაუდის დონეზე დარჩა“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
გიორგი აბაშიშვილი მიმდინარე კვირაში სურსათის უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯამური დასკვნა ემყარება ორ ფაქტორს, პირველი არის ის, რომ საჭირო იყო უკეთესი კომუნიკაცია წისქვილკომბინატებსა და მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს შორის. მეორე ფაქტორი დისკუსიამ აჩვენა. რომ სინამდვილეში საკითხს გლობალურად ვერ ვაგვარებთ, აქაც საქართველო უფრო „ცეცხლის ჩაქრობის“ მდგომარეობაში იმყოფება.
„თუმცა, ეს მდგომარეობა მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ლოგიკურია და რამის დაგეგმვა დღეს რთულია. ალბათ მანამდეც ბევრი დისკუსია იყო საჭირო რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო, კარგი, რომ წინასწარ ვიფიქროთ თუ რა პოტენციური რისკები შეიძლება წარმოიშვას და არა ის, რომ მოვიდეს რისკის და მერე ვმართოთ, რატომ უნდა ვიყოთ მეხანძრის რეჟიმში, როცა შეგვიძლია რომ წინასწარ გვქონდეს ზღუდეები. კარგი რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ვერ დავინახე საქართველოში სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკი“, — აღნიშნა მან.