2–6 მაისის კვირის შეჯამება

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში საქართველოსა და მსოფლიოში 2–6 მაისის კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აჯამებს. მისი თქმით, წლის მაჩვენებელზე თუ ვისაუბრებთ, ეს ნიშნავს რეალურად იმას, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ ისეთ  არაპროგნოზირებად ფაქტორზე, როგორიცაა  ომი უკრაინაში. მისივე  თქმით, ბევრი არც ელოდა დროის ამ პერიოდამდე ომის გაგრძელებას და სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური პროგნოზები ჰქონდათ. მათ შორის იყო პროგნოზები ინფლაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ვითარება მიდის იქით, რომ რთული სათქმელია, ერთნიშნა იქნება ინფლაცია თუ ორნიშნა.

„მაგალითისთვის ავიღოთ ნავთობთან დაკავშირებული ვითარება, რომელსაც ყველა ტიპის პროდუქციაზე გადამდები ეფექტი აქვს, სიტუაცია არის ასეთი, რომ იმ დროს, როდესაც შეერთებულმა შტატებმა გახსნა რეზერვები და პარტნიორი  ქვეყნების მიერ მიწოდება გაიზარდა, მოლოდინი იმისა, რომ ნავთობის ფასები შემცირდებოდა, იყო, თუმცა მიუხედავად  ამისა, ჩვენ ვხედავთ რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი შემცირება არ არის. ტურბულენცია პირიქით, კვლავ საკმაოდ მაღალია, შესაბამისად ფასისმიერ პოლიტიკას აქვს  გადამდები ეფექტი სხვა პროდუქციაზე,  შესაბამისად,  საქართველოში, რომელიც დიდწილად არის  იმპორტზე  დამოკიდებული, ინფლაციის პროგნოზირება რთულია.

მე  მგონია, რომ ზაფხულის პერიოდის განმავლობაში, ისევე როგორც  სექტემბერში, სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე და  პროდუქციის შიდა მიწოდებიდან გამომდინარე, ინფლაციის მაჩვენებელი იქნება უფრო მეტად სტაბილური, უფრო მეტად დაწევს, თუმცა ის, თუ როგორი  იქნება ოქტომბრიდან, ეს  დამოკიდებული იქნება  ზუსტად  იმ  ფაქტორებზე, თუ როგორი იქნება ომის მიმდინარეობა ამ პერიოდისთვის, ნებისმიერ  სცენარში მგონია, რომ ინფლაცია შედარებით დაბალ მაჩვენებელზე იქნება  უახლოეს  სამი თვის  განმავლობაში, შემდეგ  უკვე  იქნება  გარე  ფაქტორებზე  დამოკიდებული“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

„საინტერესო თემაა ასევე  საწვავის ბაზარზე  მიმდინარე  ტენდენციები, ალბათ ყველა ვაკვირდებით ამ პროცესს, რაც  დღეს  ხდება,  ყურადღებით  ვეცნობოდით  მაჩვენებლებს, დასახელდა რიცხვი, როცა  კონკურენციის  სააგენტომ უნდა წარმოადგინოს  ბაზრის  ანალიზი, მაგრამ პირობითად, მარტივი  ანალიზის  მიხედვით რომ მივყვეთ არსებულ  ფასებს,  ფაქტია, რომ ძალიან მაღალია  ეჭვი და წლიდან  წლამდე  არ გაქარწყლდა ეს ეჭვი, თუ  რა ხდება საწვავის  ფასებთან დაკავშირებით“, –  აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს საწვავის ბაზრის კონიუნქტურა საკმაოდ საეჭვოა და ამის საფუძველს, მიუხედავად დივერსიფიცირებული საიმპორტო ბაზრისა, თითქმის იდენტური საცალო ფასები იძლევა.

„რაც  შეეხება  საქართველოში  არსებულ საეჭვო ფასებს და  ბაზრის სტრუქტურას, მინდა  აღვნიშნო, რომ ეს ეჭვი მქონდა 4 წლის  წინაც, როდესაც  კითხვებს  ვსვამდი საწვავის  ფასთან  დაკავშირებით და  მათ  შორის კონკურენციის  სააგენტოსთან მქოდა  თხოვნა და  წერილობითი მიმართვაც, რომ  ამ  თემასთან  დაკავშირებით  გაკეთებულიყო  განმარტება. ჩემთვის, მაგალითად,  ისევე  როგორც  ბევრი ადამიანისთვის,  საწვავის ბაზრის სტრუქტურა  კითხვის ნიშნებს  ბადებს  და ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხი არასდროს  არ  არის  გაცემული. რაღაც  მონაკვეთში  ბენზინის  ფასები დაიწევს და  თითქოს  დისკუსია  ჩერდება, მაგრამ მერე როგორც კი ფასები აიწევს, ისევ თავიდან იწყება დისკუსია.

ჩვენთან საწვავის  ბაზარი არის  ოლიგოპოლიურ  ქცევაზე  ორიენტირებული, ცალსახად და  ხაზგასმით მინდა ეს  ვთქვა. მანამდე იქნება ეს კითხვები, სანამ  ბაზარზე არ მივიღებთ ისეთი ტიპის გამჭვირვალეობას,  სადაც  ვერავინ და ვერაფერი, მათ შორის ვერც სახელმწიფო სექტორი ვერ ჩაერევა და ბაზრის ფუნქციონირებას არ შეცვლის“, –  აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ემბარგო რუსულ ნავთობზე

ამასობაში რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი წარმოადგინეს, რომლის ძირითადი  ნაწილი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას და გაზის თემას  ეხება.

კითხვაზე, თუ რამდენად შეცვლის  ეს  სანქციები საერთაშორისო  ბაზარზე  ნავთობის ფასს, გიორგი აბაშიშვილი პასუხობს, რომ სანქციების ამოქმედების მოლოდინი ნამდვილად აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთს ცალკეული წინააღმდეგობა  აქვს,  ჩემთვის  ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ევროკომისიამ გამოაქვეყნა კვლევა  ევროკავშირის, რომელიც  გაერთიანების წევრ ყველა  ქვეყანაში  ჩატარდა და 80% ემხრობა სანქციებს, ანუ მოქალაქეებს კარგად აქვთ შეგნებული ის, რომ გარკვეული დისკომფორტი აიღონ საკუთარ თავზე, თუნდაც იმისთვის, რომ რუსეთი ამ ვითარებაში დაისაჯოს უკრაინაში  შეჭრის გამო. 80%  რუსეთზე სანქციებს და ცალკეულ ოლიგარქებზე ქონების ჩამორთმევასაც ემხრობა. დემოკრატია ემხრობა იმას, რომ რუსეთი უნდა დაისაჯოს დემოკრატიულ ქვეყანაში შეჭრისთვის“, –  აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

„რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს, მე მგონია, ამ შემთხვევაში შესაძლოა, რომ ტურბულენცია მაღალი იყოს. ერთი ვარაუდი, რომელიც არის  ანალიტიკოსების მიერ  გამოთქმული, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ეს დაარტყამს, ეს ფასებიდან გამომდინარე რუსეთზე ისეთ დარტყმას არ იქონიებს, ეს ნაწილი, ბუნებრივია, საფიქრალი იქნება.

მაგრამ  საქართველოზე თუ გადმოვთარგმნით, მირჩევნია დარწმუნებული ვიყო, რომ კონკურენტული ბაზრის პირობებში ვიხდი მაღალ ფასს და ეს რუსეთის სასჯელია და ჯობია, რუსეთის სასჯელში  გადავიხადო მაღალი ფასი, ვიდრე მქონდეს მუდმივი ეჭვი, რომ ეს არის გარკვეული ტიპის ოლიგოპოლიური გარიგება, ვინმეს  ჯიბეში მიდის და  კაცმა  არ იცის რას  ხმარდება ეს“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მოლოდინები სებ–ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომიდან

“აშშ-ში ვნახეთ, რომ რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა, ასევე სესხები გაიზარდა, გაიზარდა იპოთეკური სესხის განაკვეთი, რაც 2019 შემდგომ ყველაზე  მაღალი მაჩვენებელია. ბუნებრივია, ეს ყველაფერი უკავშირდება ფედრეზერვის  მიერ  საპროცენტო  განაკვეთის  ზრდას, რასაც მყისიერად  მოყვა ბრიტანული გამოხმაურება, რომ ინგლისის  ცენტრალური ბანკი გაზრდის განაკვეთს, ევროკავშირიც მძიმე  ტურბულენციაა… რაც  შეეხება საქართველოს, რომ ვთქვათ რომ საქართველოში ასეთი მყისიერი ეფექტი ექნება, ტყუილია, მაგრამ  ის,  რომ  საქართველოში  ინფლაციის  ბოლომდე მოთოკვა  ვერ  ხერხდება, ცხადია. ალბათ  ნაკლები მოლოდინია  შერბილებისკენ, მაგრამ  რაც  შეეხება  ზრდას, ზრდის  ეფექტიანობა  არის  გასაზომი. მე  თითქოს  ძალიან მცირე  მატების  ან დატოვების მოლოდინი მაქვს, თუმცა  ეს ჩემი ვარაუდია“, –  აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …