იმპორტის დივერსიფიცირების მიუხედავად საქართველოში ბენზინის ფასის ერთგვაროვნება ეჭვებს ბადებს – გიორგი აბაშიშვილი

საქართველოში საწვავზე არაკონკურენტული ფასები, იმპორტის მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ანალიზისას, ერთ-ერთი ყურადსაღები საკითხია. ფაქტია, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავი ძვირდება იმ ფონზეც, როცა მომწოდებლები ფასებს ამცირებენ და ეროვნული ვალუტაც საკმაოდ მყარადაა. როგორც „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი განმარტავს, ბაზარი უფრო ოლიგოპოლიურ ქცევაზეა ორიენტირებული და ფასებიც არაკონკურენტულია, რაც სერიოზულ ეჭვებს აღძრავს.

,,საავტომობილო საწვავის ბაზრის ირგვლივ უამრავი კითხვა ჩნდება. თუნდაც იმ დაშვებით, რომ ფასების პოლიტიკას არ შევეხოთ და მხოლოდ ბაზრის სტრუქტურაზე ვისაუბროთ.  ის ფაქტი, რომ ბაზარი უფრო მეტად ოლიგოპოლიურ ქცევაზეა ორიენტირებული, მარტივი დაკვირვებაც ჩანს. 26-დან  5 ეკონომიკური აგენტის წილი 74 პროცენტს რომ შეადგენს,  ეს უკვე დამაფიქრებელია. ფაქტია, რომ ბაზარი სრულად კონკურენტული არ არის და შესაბამისად, მაღალი ეჭვები შეიძლება იყოს სხვადასხვა პოტენციური შესაძლო არაკონკურენტული ქცევის. რაც შეეხება ფასებზე საუბარს, გვესმის მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა, თუმცა, ფაქტია, რომ იმპორტი დივერსიფიცირებულია და გონივრულ ეჭვს აჩენს საქართველოში საცალო ბაზარზე უმრავლეს კომპანიებში საწვავის გასაყიდი ფასის საკმაოდ ნათელი ერთგვაროვნება. ამასთან, „ლეგენდა“, რომ  საწვავის ბაზარზე რუსეთია ძირითადი მომწოდებელი,  მგონი,  უნდა დასრულდეს“, – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

კერძოდ, როგორც „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი განმარტავს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში ნავთობპროდუქტების  მომწოდებლებიდან  რეალურად 21 პროცენტამდეა რუსეთის წილი და თითქმის 80 პროცენტი სრულიად სხვა ქვეყნებს უჭირავთ. მათ შორის 50 პროცენტამდე საწვავის იმპორტი ევროკავშირიდან ხორციელდება.

,,გასათვალისწინებელია ისიც, რომ თვეზე მეტია საწვავის მომწოდებელ ქვეყნებში ფასების კლება შეინიშნება, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ფასი მიმდინარე წლის დასაწყისიდან 70-80 თეთრით გაიზარდა. რეალობაში ჩვენ გვჭირდება თუნდაც არა დროებით კოსმეტიკური ფასების კლება, არამედ ამომწურავი ინფორმაცია საწვავის ბაზრის მიმდინარე ტენდენციების შესახებ ერთის მხრივ და იმ სამომავლო სწრაფი ნაბიჯების შესახებ, რომელიც მთლიანად ბაზრის სტრუქტურას შეცვლის – კონკურენტულზე ორიენტირებულს გახდის, რაც საფასო პოლიტიკას ავტომატურად მომხმარებელზე ორიენტირებულს გახდის“, – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …