პარლამენტი საქართველოს საპატენტო კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს

საქართველოს ტერიტორიაზე გამოგონებაზე პატენტის მიღების მესამე, უფრო სწრაფი და იაფი გზა ჩნდება – ევროპული პატენტის საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაცია, რითაც ქვეყანა საერთაშორისო განმცხადებლებს მოიზიდავს. საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის 2019 წელს გაფორმებული ევროპული პატენტების ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი პირობა  საქართველოს კანონმდებლობაში ვალიდაციის შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების ასახვა და მისი ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოებაა, რაც გულისხმობს საქართველოს საპატენტო კანონის ევროპის საპატენტო კონვენციასთან (EPC) და საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან (PLT) შესაბამისობაში მოყვანას.  საქპატენტმა შესაბამისი ცვლილებებით კანონპროექტი უკვე მოამზადა და საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.

დღეს, 30 მაისს,  მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით წარდგა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ჩიქოვანი.მანამდე, პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენისთვის 20 მაისს განიხილეს.

დღესდღეობით, საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღება შესაძლებელია, როგორც საქპატენტში განაცხადის პირდაპირი წარდგენით, ასევე საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილი საერთაშორისო განაცხადის გზით. მესამე გზით, ევროპული პატენტის საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციის მეშვეობით საპატენტო დაცვის მიღება,  საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი.

ვალიდაციის სისტემის ამუშავებით, საქართველო დაუახლოვდება ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობას ქვეყანაში  და  ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების განხორციელებას. ვალიდაციის სისტემის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის ევროპულ ბაზართან  ინტეგრაციის ერთ-ერთი ხელშემწყობი წინაპირობაა და ამავდროულად გზავნილი ინვესტორებისთვის რომ საქართველო არის ევროპული საპატენტო ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, სადაც საპატენტო უფლებები დაცულია ევროპის ქვეყნებში არსებული დაცვის ხარისხის შესაბამისად.

EPO წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ორგანიზაციას, რომელიც ატარებს გამოგონებებზე საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას და გასცემს ევროპულ პატენტებს. მისი საქმიანობა ევროპის მასშტაბით მიმართულია ინოვაციის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისაკენ.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …