სსფ-ს ახალი სამწლიანი პროგრამის შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალოვადიანი პერიოდის ფისკალური ჩარჩოს სწორი მართვისათვის – ლაშა ხუციშვილი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი სამწლიანი პროგრამის შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალოვადიანი პერიოდის ფისკალური ჩარჩოს სწორი მართვისათვის – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან განმარტა, აღნიშნული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ახალი, 289 მლნ აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსების თაობაზე შეთანხმება უახლოეს პერიოდში დასამტკიცებლად წარედგინება საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს.  ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს არის საფინანსო ინსტრუმენტი  (Stand-By Arrangement) ე.წ.ბუფერული თანხა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება ათვისებული და წარმოადგენს დაზღვევის მექანიზმს საქართველოს ეკონომიკისთვის.

„2021 წელს ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციების მიუხედავად, მიმდინარე წელს მსოფლიო, რეგიონი და მითუმეტეს საქართველო, ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ფისკალური პოლიტიკის ამოცანაა, არსებული სირთულეების ეფექტური მართვა, მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და ამავდროულად, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული, ფისკალური პარამეტრების საზღვრებში დაბრუნება. ასევე, საყურადღებოა ის სტრუქტურული რეფორმები, რომლის განხორციელების ვალდებულებასაც ვიღებთ ახალი პროგრამის ფარგლებში, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოების მართვის, განათლების, შრომის ბაზრის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მხრივ“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, 2020-2021 წლებში COVID-19-ის პანდემიის უკიდურესად ნეგატიური ეფექტის მიუხედავად, საქართველომ წარმატებით დაასრულა წინა პროგრამა, რომლის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ანტიკრიზისული პაკეტის შემუშავებისა და სათანადო რესურსების მობილიზებისთვის.

ფინანსთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, გაწეული შრომისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის  მისიას და მის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს, ასევე, ფონდის მუდმივ წარმომადგენელს, სელიმ ჩაკირს და მის გუნდს, ეროვნულ ბანკს, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …