ომის ყოველი დღე უკრაინაში უარყოფითად აისახება გლობალური სურსათის უსაფრთხოებაზე – FAO-ს გენერალური დირექტორი

FAO-ს გენერალური დირექტორი კუ დონჟუ ღია წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ გასული ორი წელი იყო წყალგამყოფი და ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.

“საბედნიეროდ, მეცნიერება დაგვეხმარა COVID-19-ით  გამოწვეული პრობლემები უკეთ გაგვეგო და გავმკლავებოდით. პარალელურად, ვხედავდით, თუ როგორ იმოქმედა პანდემიამ წარმოებაზე, ვაჭრობაზე, ლოგისტიკასა და საქონლის მოხმარებაზე – საკვებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ჩათვლით.

ადამიანებისა და პლანეტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, გაერო და მისი სააგენტოები თავდაუზოგავად მუშაობდნენ. ხელს უწყობდნენ მთავრობებს, დანგრეულის ხელახლა ასაშენებლად უკეთესი გზები მოეძებნათ. განსაკუთრებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), რომელიც ადვოკატირებას უწევდა განახლებული აგროსისტემების დანერგვას. ისინი უფრო მეტად ეფექტური, ინკლუზიური, გამძლე და მდგრადია იმისათვის, რომ მივაღწიოთ: უკეთეს წარმოებას, უკეთეს კვებას, უკეთეს გარემოს და უკეთეს ცხოვრებას ყველასათვის, არავის გამოტოვებით.

აგროსისტემების გარდაქმნის თემას გამოხმაურებები მოჰყვა მსოფლიოს გარშემო.

გაეროს სურსათის სისტემების სამიტი 2021 წლის ოქტომბერში ამ ტრანსფორმაციისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯი იყო. მან ქვეყნებს უბიძგა ინოვაციებისკენ, რათა მზად იყვნენ, გაუძლონ კლიმატის კრიზისს, ბუნებრივ კატასტროფებსა და კონფლიქტებს.

ასევე 2021 წელს შეთანხმნენ FAO-ს წევრები ქვეყნები  FAO-ს 2022-2031 წლების სტრატეგიულ ჩარჩოდოკუმენტზე, რომელშიც ჩამოყალიბებულია ორგანიზაციის ხედვა მდგრად მსოფლიოზე, სადაც სურსათი ყველასთვის ხელმისაწვდომია 2030 წლის დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესაბამისად.

ეს სტრატეგიული დოკუმენტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა 2022 წლის დასაწყისში, როცა გლობალური სურსათის უსაფრთხოებაზე გავლენა კიდევ ერთმა კრიზისმა მოახდინა”, აცხადებს FAO-ს გენერალური დირექტორი.

მისივე თქმით, ომის ყოველი დღე უკრაინაში უარყოფითად აისახება გლობალური სურსათის უსაფრთხოებაზე. “მსოფლიოს ბაზრებზე უკრაინა და რუსეთის ფედერაცია მთავარი მოთამაშეები არიან. ისინი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა (ხორბალი, სიმინდი, ქერი, მზესუმზირა) და სხვა ნაწარმის, მათ შორის, სასუქის მნიშვნელოვანი მომმარაგებლები არიან. ერთად აღებული, რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ანგარიშზეა მსოფლიოს ხორბლის ექსპორტის დაახლოებით 30% და სიმინდის ექსპორტის 20%.

დეფიციტი, ალბათ, მომავალ წელსაც გაგრძელდება. FAO-ს გამოთვლების მიხედვით, უკრაინაში ზამთრის კულტურების, განსაკუთრებით კი, ხორბლის მოსავალი, შეიძლება, 20%-ით ნაკლები იყოს. ხოლო ფერმერები უკრაინაში, დიდი ალბათობით, მაისში თესვის სეზონს გამოტოვებენ. ეს მსოფლიო საკვების მარაგებს უფრო მეტად შეამცირებს და სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და მის მიღმა. აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში დაბალი შემოსავლისა და სურსათის დეფიციტის მქონე 50-მდე ქვეყანა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია უკრაინისა და რუსეთისგან მარცვლეულის მიწოდებაზე.

ენერგეტიკის, სასუქისა და სურსათის სექტორებში მოსავლის მდგომარეობის, ექსპორტის ხელმისაწდვომობისა და ფასის ინფლაციის შესახებ გარკვეული შიშების გამო, სურსათზე ფასი უკვე მომატებული იყო. ხოლო, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომმა ძირითადი მარცვლეულისა და მცენარეული ზეთების ბაზრებზე შოკი გამოიწვია, სურსათზე ფასი კიდევ უფრო გაიზარდა და მარტში ისტორიულ პიკს მიაღწია.

სურსათის უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევების შესარბილებლად, საჭიროა დაუყოვნებელი და, რაც მთავარია, ერთიანი, კოორდინირებული ქმედებები და ნაბიჯები. FAO-მ კი ამ მიმართულებით კრიტიკული როლი უნდა ითამაშოს.

მნიშვნელოვანია, საკვებისა და სასუქის მიწოდების ჯაჭვი არ გაწყდეს. ადგილობრივმა და გლობალურმა ბაზრებმა უნდა განაგრძოს ვაჭრობა და მომარაგება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით. ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა და მსოფლიომ უფრო ეფექტურად და პროდუქტიულად უნდა მართონ ბუნებრივი რესურსები. ეს უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფასების შემცირებას,  არამედ, ინოვაციების ხელშეწყობას და გაძლიერებასაც. ეს განსაკუთრებით მნიშვენლოვანია ექსპორტის შემთხვევაში.

საბოლოოდ კი, უნდა გავზარდოთ საარსებო საშუალებების მდგრადობა და გამძლეობა. ვინც ყველაზე მოწყვლადია, მათი არსებობა ბუნებრივ რესურსებსა და სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, საბაზრო შოკი და კატასტროფები მათზე ყველაზე მეტად აისახება.

კატასტროფების დადგომამდე, მათ დროს, თუ შემდგომ – მთავრობებთან, პარტნიორებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მუშაობით – FAO მხარს უჭერს წევრ ქვეყნებს უფრო მდგრადი და სურსათის უსაფრთხოების მქონე მომავლის შენებაში. ეს შესაძლებელი იქნება პრევენციით, მზადყოფნითა და მდგრადი განვითარებისკენ რეაბილიტაციით; ასევე, ფერმერებისა და სოფლის ეკონომიკის დახმარებით, რომ ისინი უფრო მოქნილნი, ეფექტურნი და ინოვაციურნი გახდნენ. FAO კვლავ ფოკუსირებულია საკუთარ სტრატეგიულ მიზნებზე, თუმცა, ამავდროულად, აქტიურად პასუხობს კრიზისს, რათა ადამიანების სიცოცხლესა და საარსებო წყაროებზე კონფლიქტების გავლენა შეამციროს.

მსოფლიო არასდროს ყოფილა ისეთი ურთიერთდაკავშირებული, როგორც ახლა. ერთ რეგიონში კონფლიქტები დედამიწის ყველა კუთხეში გამოძახილს ჰპოვებს და მათი შედეგები მძიმედ აისახება საკვების უსაფრთხოებასა და განვითარების მისწრაფებებზე”, აცხადებს FAO-ს გენერალური დირექტორი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …