ევროკავშირის და FAO-ს სასოფლო-სამეურნეო გრანტების პროგრამა დაიწყო

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის  ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსის მეხუთე ეტაპს გახსნილად აცხადებს.

ინიციატივის მიზანია, ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეერს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლების საარსებო წყაროების გაუმჯობესებას.

გრანტის მოთხოვნა შეუძლიათ მათ, ვისი ფერმა ან ბიზნესი ოპერირებს ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთში: ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ბორჯომი, ყაზბეგი, ქედა ან ხულო. ეს ის სამიზნე მუნიციპალიტეტებია, სადაც ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების პროექტები ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს მარცვლეულის მწარმოებლებისთვის ნიადაგის ნულოვანი დამუშავების სათესის, ასევე წვეთოვანი სარწყავი სისტემის და ტრაქტორის კომპლექტის თანადაფინანსებას. გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის ფერმერებს საშუალება ექნებათ მოითხოვონ როგორც მარცვლეულის ნულოვანი სათესის, ისე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების თანადაფინანსება ვაშლის ბაღებისთვის. წვეთოვანი სარწყავი სისტემებისა და ნიადაგის ნულოვანი სათესის შეძენისას პროგრამა 60 პროცენტიან თანადაფინანსებას განახორციელებს, ხოლო 40 პროცენტით დასუბსიდირდება ტრაქტორის კომპლექტები და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ, ტექნიკისა და მისი მომწოდებლების ჩამონათვალი და გრანტზე რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.faogrants.ge

მნიშვნელოვანია დროული რეგისტრაცია, რადგან განაცხადები გაივლის ტექნიკურ შეფასებას წარდგენის თარიღისა და თანხების ხელმისაწვდომობის შესაბამისად.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით 250-მა ფერმერმა, კოოპერატივმა და მცირე და საშუალო ბიზნესმა სასოფლო-სამეურნეო გრანტი მიიღო, რომლის საერთო ბიუჯეტი 16.3 მილიონი ლარია. კაპიტალური ინვესტიციების თანადაფინანსების საგრანტო მხარდაჭერა მიზნად ისახავს მოსავლის, წარმოებისა და სექტორის მდგრადობის გაზრდას და გაძლიერებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და სურსათის მიწოდების არასტაბილურობის პრევენციას. სასოფლო-სამეურნეო გრანტები ერთ-ერთი კომპონენტია 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის – „სოფლის მეურნეობის სექტორის გაუმჯობესება საქართველოში“ – რომელსაც FAO ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში საქართველოში ახორციელებს.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.  პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …