ენერგეტიკული (რ)ევოლუციიდან, ენერგეტიკულ სტაგნაციამდე

თბილისი (BPI) – ენერგეტიკის სექტორის განვითარების სტრატეგიულ მიზანს ენერგორესურსებზე თავისუფალი წვდომა და ამ რესურსების მიწოდების საიმედოობა წარმოადგენს. რესურსების რაციონალური ათვისება, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის მთავარი ამოცანაა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ენერგოპოტენციალის მაქსიმალური ათვისება და გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ქვეყნების განვითარების უპირობო თავსატეხია. ბუნებრივია, თანამედროვე მსოფლიოში, რესურსების ათვისების პარალელურად, მნიშვნელოვანი ყურადღება გარემოზე ზემოქმედებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხს ექცევა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ენერგეტიკული პროექტების განხორციელება ფერხდება. ხაზგასასმელია, რომ ენერგეტიკული განვითარების პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რიგ შემთხვევებში აუცილებელია უკომპრომისო მიდგომები.

არსებული ვითარება

უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკის და ეკონომიკის სამინისტროს გაერთიანების შემდეგ, მნიშვნელოვნად შეფერხდა ახალი ობიექტების მშენებლობა და, ზოგადად, რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლებას ენერგეტიკის სექტორი საერთოდ მიავიწყდა. უფრო მეტიც, დღესდღეობით ენერგეტიკული პროექტების განხორციელება ძირითადად ინერციით ხდება და, ბუნებრივია სამწუხაროა, რომ არცერთი ახალი მშენებლობა არ დაწყებულა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ არ გაფორმებულა არცერთი ახალი მემორანდუმი. შესაბამისად, ყველა ობიექტის მშენებლობა, რომელიც წელს დასრულდა გასული წლების განმავლობაში დაიწყო.

როგორც უკვე აღინიშნა, ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა მსუბუქად რომ ვთქვათ, ნელი ტემპებით მიმდინარეობს. მაგალითისთვის, 2018 წელს სულ ჰიდროგენერაციის ობიექტებიდან ექსპუატაციაში შევიდა შვიდი ჰიდროელექტროსადგური. – “კირნათი ჰესი“, “სკურდიდი ჰესი“, “კასლეთი ჰესი2“, „ავანი ჰესი“, „ხეორი ჰესი“, „ხადორი 3 ჰესი“, „ბოდორნა ჰესი“. მოცემული ობიექტების მოცემული ობიექტების საერთო დადგმული სიმძლავრე 73 მეგავატს შეადგენს, ხოლო მათი წლიური გამომუშავება 341 მილიონი კილოვატსაათია.

სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშნვნას, რომ მშენებლობის ეტაპზე ბევრი ჰიდროელექტროსადგურია, თუმცა ყველაობიექტის მშენებლობა ადრე დაიწყო და როგორც აღინიშნა, მათი განვითარება ინერციით მიმდინარეობს.

არადამაკმაყოფილებელი ტემპების ნათელი დადასტურებაა გაზსაცავის მშენებლობის საკითხიც. გაზსაცავის პროექტი ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც მეტწილად სოციალური დანიშნულება ექნება. გაზსაცავში მოხდება იმ გაზის დაგროვება, რომელიც ზამთრის სეზონის ე.წ. პიკურ პერიოდებში დააკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებას. აღნიშნული პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ პროექტის განხორციელებაც მომავალი წლისთვის გადაიდო.

ზოგადი მიმოხილვა

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარება 12.8 მლრდ. კილოვატ-საათია. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საბაზისოდ წლიურად საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 5%-ით გაიზრდება, 10 წელიწადში დაახლოებით, 20.8 მლრდ. კილოვატ-საათი ენერგიის მოთხოვნა გვექნება. თუმცა, ფაქტიურად ელექტროენერგიის მოხმარება პროგნოზირებულზე გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, რაც უფრო ამძაფრებს ახალი ობიექტების მშენებლობის აუცილებლობას.

საგულისხმოა, რომ ელექტროენერგიის მოხმარების დაკმაყოფილება 2 განსხვავებული წყაროდან იქნება შესაძლებელი. ერთი მხრივ, ეს იქნება იმპორტირებული ენერგია და მეორე მხრივ, თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია, რომელიც ასევე, იმპორტირებული ნედლეულისგან იწარმოება. პირველი ვარიანტი, ანუ ელ.ენერგიის იმპორტი ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება, რამდენადაც, ელექტროენერგიაზე ფასი მუდმივად მზარდი ტენდენციით გამოირჩევა და, მით უმეტეს, ზამთარში აღნიშნული ფასები პიკში ადის. გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა მეზობელ ქვეყანაზე დამოკიდებულების ზრდა არის, რაც საქართველოს ენერგო და პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით, საკმაოდ დიდი ტვირთია.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ჰიდროპოტენციალი. საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათასი კმ-ია. საქართველოს მტკნარი წყლის საერთო მარაგი, რომელიც შედგება მყინვარების, ტბებისა და წყალსაცავების წყლის მარაგებისაგან, შეადგენს 96.5 კბ3-ს. მდინარეთა საერთო რაოდენობიდან ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 300-მდე მდინარე, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15,550 მეგავატის ეკვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია – 50 მლრდ კვტ. საათის ეკვივალენტური. თუმცა, სამწუხაროდ, დღესდღეობით ქვეყნის მთლიანი პოტენციალის დაახლოებით 20% არის ათვისებული, რაც 3000 მგვტ–ს შეადგენს. რა თქმა უნდა, ასეთი სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არსებული რესურსების ათვისება, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა.

სამომავლო გეგმები

2019 წელს დაგეგმილია 5 მლრდ ლარამდე ღირებულების „სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის“ დასრულება. გათვალისწინებულია მილსადენის გამტარუნარიანობის ზრდა 16 მლრდ. კუბური მეტრით. მილსადენი წარმოადგენს ევროპის გაზის სამხრეთი კორიდორის ნაწილს და პროექტს ახორციელებს BP-ის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული საერთაშორისო კონსორციუმი.

2020 წლის ბოლოსათვის დაგეგმილია 230 მგვტ სიმძლავრის (წლიური გამომუშავება – 1200გვტ) კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის გარდაბანი II პროექტის დასრულება. პროექტის ღირებულება 400 მლნ. ლარს აღემატება.

2020-2021 წლებში სახელმწიფო გარდაბნის მუნიციპალიტეტში განახორციელებს მთელი ქვეყნისთვის სტრატეგიულიმნიშვნელობის მეგა პროექტს – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას (250-280 მლნ. კუბური მეტრი სამუშაო მოცულობა), რომლის ღირებულება დაახლოებით 600 მლნ. ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, გაფორმებული მემორანდუმების შესაბამისად, იგეგმება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიჩინონ კეთილგონიერება და მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის ფონზე საფუძველი ჩაუყარონ დიდი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების შენებლობას.

cbw

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …