“ყაზახურ–ქართული ეკონომიკური გაერთიანების” პროექტი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში განიხილეს

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ყაზახურ–ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან შეხვედრა ოთხშაბათს, 25 მაისს გაიმართა, სადაც „ყაზახურ–ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ საქმიანობის, ჩატარებული კვლევებისა და სარეკომენდაციო საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა გახსნა, თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებული კვლევა წარადგინეს, რომელშიც საქართველო–ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებია განხილული.

„კომერსანტის“ მმართველმა პარტნიორმა და „ჯეოქეისის“ მკვლევარმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობდა, აღნიშნა, რომ დღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთთან ეკონომიკური ურთიერთობების და თანამშრომლობის გაძლიერება.

„არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ თვალსაზრისით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაა და ამ მხრივ ყაზახეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სოლიდური პოტენციალი არსებობს ტურიზმის ზრდის მიმართულებით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყაზახი ტურისტების მსყიდველუნარიანობა გამორჩეულია ჩვენი სტატისტიკითაც. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღეს, მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს კიდე უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამ მხრივ ყაზახეთთან თანამშრომლობის გააქტიურება კიდევ უფრო დიდი როლის მატარებელია. ასევე მთელი რიგი საექსპორტო პროდუქციის ნაწილში ყაზახური ბაზარი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ლოგისტიკის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით”, – განმარტავს გიორგი აბაშიშვილი.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი და ყაზახურ–ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი.

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები, სსრკ–ის დაშლის შემდეგ, 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა.

ყაზახეთი იყო ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი საქართველოში. ყაზახური ინვესტიციები განთავსებულია საქართველოს ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …