ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ტვირთი შეუმსუბუქდებათ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტზე – „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელა.

კანონპროექტი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის გარკვეული გადასახადების გადახდის გადავადებას და სხვა საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილის განმარტებით, ცვლილების შემუშავების მიზეზი პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შეზღუდვა იყო. მისივე თქმით, პროექტის მიღება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების, განსაკუთრებით კი, ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

როგორც დავით სონღულაშვილმა განმარტა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სასტუმროების და განთავსების მსგავსი საშუალებები თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება საგადასახადო კოდექსის თანახმად, 2022 წელს არის გათვალისწინებული.

მისივე თქმით, საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება გამოყენებულია ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში, ასევე, რესტორნებისა და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობებისთვის გამოყენებულ ქონებაზე. აღნიშნული ცვლილება გავრცელდება ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის მომსახურების, ასევე, მათთან დაკავშირებული საქმიანობებისთვის გამოყენებულ ქონებაზე.

კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ საწარმო ან ორგანიზაცია არ თავისუფლდება ქონების გადასახადისგან მიმდინარე გადასახდელის სახით და იგი გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, მიუხედავად ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათისა, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რადგან 2022 წლის 1 აპრილიდან ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელების მიმართ წარმოშობილია აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები, რომელთა გათვალისწინებითაც მათ შესაბამისი საურავები ერიცხებათ. როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, ეს მძიმე ტვირთად აწვება იმ გადამხდელებს, რომლებზეც პროექტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …