2021 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა, 2014 წელთან შედარებით, 70%-ზე მეტით გაიზარდა – გენადი არველაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, 2021 წელს ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესების, საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტის ზრდაში DCFTA-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამის შესახებ არველაძემ საქართველოს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, 2021 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან გაიზარდა 19%-ით და საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 21% შეადგინა. ამავე პერიოდში 3%-ით გაიზარდა საქართველოდან ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე (საქართველოს მთლიან ექსპორტში 17%). სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 14%-ით, კერძოდ, ისეთ მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, როგორიცაა თხილი – 12%, მინერალური წყალი – 20%, ღვინო – 20%, შაქრის შემცველი გაზიანი წყლები – 97%, ხილის წვენები – 6%, კონსერვი ხილი და ბოსტნეული – 11%.

მისივე თქმით, 2021 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა, 2014 წელთან შედარებით, 70 %-ზე მეტით გაიზარდა და 962 შეადგინა.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის მიმართულებით. თანამშრომლობის და საკანონმდებლო დაახლოების შედეგად, ევროკავშირის ბაზარი უკვე გაიხსნა თევზისა და თევზპროდუქტებისთვის, დამუშავებული ტყავისთვის, მატყლისთვის, თაფლისთვის, რასაც ბოლო წლებში ასევე დაემატა ცხოველების საკვები, ხოლო ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34 რეგულაციით, საქართველო დაემატა იმ ქვეყნების ნუსხას, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტია დაშვებულია. გრძელდება მუშაობა ევროკავშირთან აქვაკულტურის პროდუქტების და დედა ფუტკრისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით” – აღნიშნა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მთავრობა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ასამაღლების და ახალ მოთხოვნებთან მათი ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით. მისი განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვეშ შექმნილი სააგენტო „აწარმოე საქართველოში” ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ისეთი ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტებისა და პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა ფინანსებზე წვდომის გაზრდა, ბიზნესუნარების განვითარება, ექსპორტისა და ინვესტიციების განვითარების ხელშეწყობა, კონსულტაცია და ა.შ.

„ექსპორტის მხარდაჭერის მიზნით, 2021 წელს სააგენტოს მიერ თანადაფინანსდა 45 ქართული კომპანიის მონაწილეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების 7 საერთაშორისო ღონისძიებაში. კომპანიებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ TradwithGeorgia.com პლატფორმით, სადაც ქვეყნდება ინფორმაცია მათი და მათი პროდუქციის შესახებ – 2021 წლის მდგომარეობით პლატფორმაზე 569 კომპანიაა რეგისტრირებული. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო ასევე ახორციელებს ექსპორტის მენეჯერთა გადამზადების კურსებს” – აღნიშნა გენადი არველაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …