COVID-ით გამოწვეული პრობლემები და მყისიერი საჭიროებები განათლების სექტორში – თბილისში მრგვალი მაგიდა გაიმართება

თბილისი (BPI) – 24 აპრილს, თბილისში,  გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა გაიმართება. ონლაინ ფორმატში დაგეგმილი შეხვედრის თემაა:  „პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მყისიერი საჭიროებები განათლების სექტორში“.

გპფ-ს მიერ წამოწყებული ღონისძიების  მიზანია თავი მოუყაროს განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს; შეიქმნას ისეთი პლატფორმა, სადაც ისინი ღიად ისაუბრებენ კორონავირუსის შედეგად განათლების სექტორში წარმოქმნილ გამოწვევებზე, ერთობლივად გამოავლენენ შექმნილ პრობლემებს, დასახავენ მათი გადაჭრის გზებსა და მეთოდებს, რაც თავის მხრივ   მაქსიმალურად  შეამსუბუქებს არსებულ სიტუაციას და განათლების სექტორს საშუალებას მისცემს განაგრძოს უკეთ ფუნქციონირება და განვითარება პანდემიის შედგომ პერიოდშიც.

პირველ შეხვედრაში 15-ზე მეტი ორგანიზაცია ჩაერთვება და თითოეულ მათგანს საშუალება ექნება საკუთარი ხედვა და წინადადება წარმოადგინოს. შეხვედრის შემდეგ, მრგვალი მაგიდის მონაწილეების დახმარებით, მომზადდება პირველადი დოკუმენტი, გამოვლინდება ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად იმუშაონ და განახორციელონ ისეთი ახალი პროექტები, რასაც ფონდი და სხვა დონორი ორგანიზაციები გაუწევენ ფინანსურ მხარდაჭერას.

გათვალისწინებულია ონლაინ მრგვალი მაგიდის შემდგომი რაუნდების ჩატარება და მონაწილეთა გაფართოება, რათა მაქსიმალურად მეტმა ორგანიზაციამ და ექსპერტმა შეძლოს იმუშაოს საგანმანათლებლო თემაზე.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების  სისტემის განვითარებასა და წინსვლას. გპფ, როგორც საგანმანათლებლო სისტემის გულშემატკივარი, არაერთი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია ქვეყანაში. ამ ჯერზეც,  შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფონდმა გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეიტანოს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში და ამ სახით გვერდში დაუდგეს ქვეყანას და მის მოსახლეობას. ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს სისტემას იმგვარად, რომ მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა  რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადალახონ სწავლა-სწავლების ეს რთული სიტუაცია.

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

CIU ბიზნესის ინსტიტუტმა ბიზნეს ინსაიდერის კვლევის მხარდამჭერი ლიცენზია მიიღო!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე, ბიზნესისა და ეკონომიკის კვლევების ცენტრი – CIU ბიზნესის ინსტიტუტი …