ComCom-მა MVNO-ს სავალდებულო დაშვების ამოქმედების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე გადაწია

კომუნიკაციების კომისიამ, მობილური ოპერატორებისთვის, მობილური ვირტუალური ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა 1 წლით გაახანგრძლივა. გამომდინარე იქედან, რომ კომისია ევროპელ ექსპერტებთან ერთად, ტელეკომ ბაზრის კომპლექსურ კვლევას ახორციელებს, ComCom-მა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დასრულებული კვლევის შედეგების მიხედვით ეხელმძღვანელა და დაშვების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვის საჭიროება განესაზღვრა.

 

2019 წელს, ComCom-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, კერძოდ, “მაგთიკომს”, “სილქნეტსა” და “ვიონი საქართველოს” (სელფი მობაილი), MVNO-ს ქსელთან დაშვების ვალდებულება დაკისრებოდათ. თუმცა, მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობისთვის, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაკვირვებოდა პროცესს და ქსელის მფლობელ ოპერატორებს, MVNO-სთვის შეთავაზების გამოქვეყნების საბოლოო ვადად 2023 წლის 30 ივნისი განუსაზღვრა.

 

აღსანიშნავია, რომ კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, საქმიანობა დაიწყო პირველმა ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორმა “ჰალლო”-მ, თუმცა, დაშვების მსურველ სხვა კომპანიებსა და ქსელის მფლობელ ოპერატორებს შორის, მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა და შეთანხმება ვერ შედგა.

 

2022 წელს, ComCom-მა ევროკავშირის დაფინანსებით, “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების” (AA Facility) ფარგლებში, ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა დაიწყო. კვლევა “AA Facility”-ის პროექტის მიერ შერჩეული ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს და მიზნად ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერების გამოვლენასა და კონკურენციის ხელშემწყობი მექანიზმების დადგენას ისახავს. სწორედ ამიტომ, კვლევის ფარგლებში, შეფასდება ტელეკომ ბაზარზე არსებული კონკურენცია და საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობის მიხედვით, დადგინდება შესაბამისი რეგულირებადი ბაზრები, განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და დაეკისრებათ სპეციფიკური ვალდებულებები. აღნიშნული ერთი მხრივ, მრავალფეროვან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ საქმიანობა და შექმნან ალტერნატიული საკომუნიკაციო შეთავაზებები. ქსელის მფლობელი ოპერატორები კი, საკუთარი ქსელის შესაძლებლობების ათვისებას შეძლებენ.

გამომდინარე იქედან, რომ კომპლექსური კვლევა სამუშაო მოცულობის კუთხით მასშტაბურია, პროექტის დასრულება 2023 წლის შემდგომ პერიოდშია მოსალოდნელი. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” გადაწყვეტილებაში, შევიდეს ცვლილება და მობილური ოპერატორებისთვის, MVNO-ს ქსელზე დაშვების ვალდებულების ამოქმედება 2024 წლის 30 ივნისამდე გადავადდეს, რათა კომისიამ, კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღება შეძლოს.

 

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნა უმნიშვნელოვანესია როგორც მობილური ვირტუალური ოპერატორების, ასევე, ფიქსირებული მომსახურებების ბაზარზე ე.წ. “ბითსტრიმ” სეგმენტზე დაშვების თვალსაზრისით. ვინაიდან, აღნიშნული ხელს უწყობს საცალო მომსახურებების ბაზარზე როგორც კონკურენტული გარემოსა და ხელმისაწვდომი მომსახურებების შექმნას, ასევე, ინოვაციური სერვისების დანერგვას.

 

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.