CAREC-ის პროგრამის მაღალი თანამდებობის პირები თბილისში რეგიონული თანამშრომლობის გასამტკიცებლად შეიკრიბნენ

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებმა 13 და 14 ივნისს თბილისში CAREC 2030 სტრატეგიის მთავარ მიმართულებებში 2022-2023 წლებში მიღწეული პროგრესი მიმოიხილეს.
მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებმა განიხილეს კარეკის 2023 წლის მინისტერიალის თემა და კარეკის კლიმატის ხედვა — ჩარჩო, რომელიც რეგიონში კლიმატის ცვლილებისადმი მიმართული ღონისძიებების სტრატეგიულ მიზნებსა და გეგმებს განსაზღვრავს. კარეკის კლიმატის ხედვის მიზანია რეგიონი კლიმატის რისკების მიმართ მედეგი გახდეს და ძალისხმევა მიმართოს სათბური აირების ემისიის შემცირებასა და
ნახშირბადის დაბალი გამოყოფის მქონე ეკონომიკაზე გადასასვლელად.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს კარეკის კლიმატისა და მდგრადი განვითარების ფონდის დაარსების გეგმის შესახებ. მრავალდონორიანი სატრასტო ფონდის მიზანი იქნება კარეკის პროგრამის მთავრობებს დაეხმაროს პროექტების ისე მომზადებაში, რომ გათვალისწინებული იყოს კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება.
კარეკის წევრი ქვეყნების, მათ შორის აზერბაიჯანის, საქართველოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მაღალი დონის წარმომადგენლების შეხვედრა ასევე იქცა კარეკის პროგრამის პლატფორმად კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.
“კარეკის რეგიონს დიდი შესაძლებლობა აქვს გახდეს მწვანე ეკონომიკაზე გლობალური გადასვლის ლიდერი,“ განაცხადა შაოჰონგ იანგმა, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ. „რეგიონული თანამშრომლობა კარეკის პროგრამაში შემავალი ქვეყნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მწვანე ეკონომიკაზე გადასასვლელად. კარეკის რეგიონს შეუძლია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რესურსების მობილიზება და პოლიტიკის კოორდინირება
მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დასაჩქარებლად.“
შაოჰონგ იანგმა მადლობა გადაუხადა გენადი არველაძეს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს და კარეკის წარმომადგენელს საქართველოში 2023 წელს კარეკის ღონისძიებების მასპინძლობისთვის. „საქართველომ ფასდაუდებელი საქმე გასწია კარეკის ღონისძიებების ჩატარებასა და წლევანდელი გეგმების განხორციელებაში. გულწრფელად ვაფასებთ რეგიონულ თანამშრომლობაში თქვენს მიერ
გაწეულ შრომას,“ განაცხადა მან.

კარეკის პროგრამა 11 ქვეყნისა და განვითარების პარტნიორების ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას. კარეკის 2030 სტრატეგია წარმოადგენს სტრატეგიულ ჩარჩოს ადამიანების, პოლიტიკისა და პროექტების დასაკავშირებლად რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) კარეკის პროგრამის სამდივნოა და ორგანიზებას უწევს ინსტიტუციურ ღონისძიებებს, როგორიცაა მინისტერიალები, მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრები, დარგობრივი და დარგების მაკოორდინირებელი კომიტეტების შეხვედრები. ასევე მეკავშირეობს პარტნიორ მთავრობებთან და ინსტიტუციებთან.
ADB კარეკის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაშია ჩართული, როგორიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობის ხელშეწყობა, ვაჭრობის პოლიტიკა და ენერგეტიკა. ის ასევე აწარმოებს  კარეკთან დაკავშირებულ კვლევებს.
კარეკის თერთმეტივე წევრი ADB-ის განვითარებადი წევრი ქვეყანაა. ესენია ავღანეთი,  აზერბაიჯანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …