ბუქმობილი – მოძრავი წიგნები დევნილებისთვის

თბილისი (BPI) – ბევრს უოცნებია – ნეტა მოძრავი წიგნები არსებობდეს-ო. ბავშვობაში მათი ოცნება, დღეს წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს აუხდათ. აქ მათთან “ბუქმობილი” მოდის.

ჰოდა, დევნილი ბავშვები წამებს ითვლიან… გამალებით სააათს შესქერიან, სულმოუთმელად ელიან, როდის დამთავრდება გაკვეთილები და როდის გაიქცევიან ბუქმობილისკენ. ამ მანქანა-ბიბლიოთეკაში არაერთი წიგნია, თანაც თუ შენ ვერ მიხვალ წასაკითხად, მაშინ წიგნი მოვა შენთან.

დიდუბიდან „წეროვანი, გამგეობა-სკოლა-ს“ სამარშუტო მიკროავტობუსით, 20 წუთში დევნილთა დასახლებაში მოხვდებით, დასახლებიდან 10 წუთში კი ბუქმობილთან. ამერიკის დროშიანი დიდი, თეთრი ავტობუსი წეროვანში მე-13 რიგზეა გაჩერებული. ის მცხეთა-მთიანეთში არსებულ დევნილთა დასახლებებებს ემსახურება.

U.S. Embassy Bookmobile  – ეს არის ბიბლიოთეკა ბორბლებზე. პროექტი, რომელსაც ამერიკის საელჩო 2013 წლიდან ახორციელებს, წინასწარ გაწერილი გრაფიკის

შესაბამისად მოძრაობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დევნილთა ჩასახლებებში. პროგრამის მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა. დევნილების საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის, ისტორიის, პოლიტიკის, ტრადიციებისა და ღირებულებების შესახებ. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისათვის – For Better Future“ მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მენეჯერ ნანა ჩქარეულის თქმით, სკოლის ავტობუსი მობილურ სამკითხველოდ გადაკეთდა და წეროვანს, წილკანს, პრეზეთსა და გალავანს შორის დადის – იმ დასახლებებში, სადაც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბევრი ადამიანი ცხოვრობს. მისი თქმით, “ბუქმობილი” აღჭურვილია ინგლისურენოვანი წიგნებით: ამერიკის შეერთებული შტატების ლიტერატურის, მმართველობის სისტემის, ისტორიის, კულტურის შესახებ. მასში ასევე ხელმისაწვდომია ინტერნეტი, აუდიო და ვიდეო მასალა, მხატვრული და დოკუმენტური ფილმები. ფართოდ არის წარმოდგენილი ამერიკული ინგლისური ენის სასწავლო სახელმძღვანელოები, რომელსაც ხშირად მოიხმარენ მოსწავლეები, სტუდენტები, ინგლისური ენის პედაგოგები, მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისენი, სხვა დაინტერესებული პირები.

„ბუქმობილის“ პროექტის კოორდინატორის, ნანა ყაჭაშვილის თქმით, ბავშვები სკოლის შემდეგ ყოველთვის აკითხავენ მას და ფილმის ჩვენებებსა და სხვადასხვა თემის ირგვლივ დისკუსიებსაც ატარებენ. აქვე იკრიბებიან ვიდეო და ფოტოგრაფიის კურსებისა და კლუბებისათვის.

ბუქმობილი ყოველწლიურად აღნიშნავს მშვიდობის საერთაშორისო დღეს, ხშირად ატარებს სხვადასხვა სახის ღონიძიებებს, უერთდება სხვადასხვა საერთაშორისო კამპანიებსა და აღნიშნავს საერთაშორისო დღეებს.

წლების წინ, სანამ ელექტრონული წიგნები შემოვიდოდა, ყველა ან წიგნების მაღაზიებს ან ბიბლიოთეკებს სტუმრობდა. სოფლებსა და გარეუბნებში მცხოვრებთათვის კი, ლიტერატურა წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებს ე.წ. „ბუქმობილით“ მიჰქონდათ.

პირველი ასეთი ბიბლიოთეკა, როგორც ცნობილია, 1850 წლის ბოლოს ინგლისის ქალაქ უორინგტონში გამოჩნდა. ცხენებშებმული ურიკით, პირველივე წლის განმავლობაში 12 000 წიგნი მიიტანეს მკითხველამდე. მოძრავი ბიბლიოთეკები მოგვიანებით ავტომანქანებში მოეწყო. წიგნების სახლამდე მიტანა განსაკუთრებით პოპულარული XX საუკუნის შუა წლებში გახდა და ამერიკული ცხოვრების განუყოფელ ნაწილადაც იქცა.

ნინო მიშველაძე, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

მასალა ქვეყნდება საქართველოს უნივერსიტეტისა და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში

დღემდე შემორჩენილია მოძრავი ბიბლიოთეკების – „ბუქმობილების“  ფოტოები: გრინსბორო, ჩრდილოეთ კაროლინა, 1936-1960 წწ.; მოძრავი ბიბლიოთეკა ირანში, 1970 წელი; ღია „ბუქმობილი“, 1921 წელი (ფოტო მასალა : boredpanda.com)

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …