BTU-ში საბანკო აკადემიის კურსები ბაზისბანკთან პარტნიორობით დაიწყო

თბილისი (BPI) – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საბანკო აკადემია გაიხსნა. აკადემია სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულების საინტერესო ტრენინგებს სთავაზობს. პირველი კურსი კი „ბაზისბანკთან“ პარტნიორობით ჩატარდება და საბანკო საქმის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. სტუდენტებს ტრენინგებს ბანკის ტოპმენეჯერები ჩაუტარებენ. კურსდამთავრებულებს კი  სერთიფიკატები გადაეცემათ. აკადემიაში სწავლა ფინანსებითა და საბანკო საქმით დაინტერესებულ სტუდენტებს უფასოდ შეეძლებათ.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, ამ კურსებით სტუდენტების დაინტერესება საკმაოდ მაღალია და სწორედ ამიტომ აკადემიაში სწავლა სხვა ფაკულტეტის სტუდენტებსაც შეეძლებათ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს მაღალი დონის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობაც მივცეთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საბანკო აკადემიის შექმნა და ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც „ბაზისბანკთან“ თანამშრომლობით ხორციელდება. საწყის ეტაპზე კურსის გავლა 15 სტუდენტს შეეძლება და შერჩევის პროცესში უნივერსიტეტი მონაწილეობას არ მიიღებს. ამ მხარეს სრულად ბანკი უზრუნველყოფს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდება ორივე მხარისთვის და სამომავლოდ სტუდენტებს სხვა საინტერესო პროექტებსაც შევთავაზებთ,“  – განაცხადა ნინო ენუქიძემ.

„ბაზისბანკი“, რომელიც საქართველოს უმსხვილესი ბანკების ხუთეულშია, დიდ ყურადღებას აქცევს განათლების მხარდაჭერას.

„ჩვენი ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა არის უმთავრესი პრიორიტეტი სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. 10 წელზე მეტია, „ბაზისბანკში“ არსებობს განათლების მხარდამჭერი ფონდი, რომლის ფარგლებშიც მრავალი სასარგებლო პროექტი განხორციელდა. ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ჩვენი პირველი თანამშრომლობაა და მოხარულები ვართ, რომ ვიწყებთ პარტნიორობას. საკმაოდ დიდი მოლოდინი გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ პროექტის ფარგლებში გავიცნობთ ახალ თაობას, რომლებიც ჩვენი მომავალი თანამშრომლები გახდებიან, რადგან ბაზისბანკის რესურსი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არა მხოლოდ განათლების მიღებაში შეუწყოს ხელი ახალგაზრდებს, არამედ უზრუნველყოს მათი დასაქმებაც.“ – განაცხადა ბაზისბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თამარ ხადურმა.

„პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის, უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნასთან ერთად, საჭიროა პრაქტიკაც, რომელიც თეორიასთან სინთეზში გვაძლევს სრულყოფილ შედეგს. ჩვენი მიზანია, ბანკში დაგროვებული გამოცდილება მომავალ თაობას გავუზიაროთ. ფინანსებშიც მრავალი მიმართულებაა და სტუდენტებმა თითოეულ მათგანში უნდა გამოსცადონ თავი, რომ გააკეთონ კონკრეტული არჩევანი. გაიმართება 8 შეხვედრა. ლექციებს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები ჩაატარებენ,“ – აცხადებს „ბაზისბანკის“ ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი გიორგი ტყეშელიაძე.

საბანკო აკადემიაში კიდევ არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება. მის ფარგლებში ჩატარდება არაერთი საინტერესო ტრენინგი და მათ შორის: საბანკო ბიზნესის პერსპექტივები, როგორ ვმართოთ ბანკი საქართველოში? სადაზღვევო ბიზნესი და მისი თანაარსებობა საბანკო ბიზნესთან, კორპორატიული საბანკო მომსახურება, ბიზნეს სესხის დამუშავების / ანალიზის პროცესი, საცალო სეგმენტი საბანკო ბიზნესში, როგორ მივაწვდინოთ ხმა მომხმარებელს? სახაზინო ოპერაციები, სავალუტო პოზიციის მართვა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან სახსრების მოზიდვის პროცესი, ინფორმაციული უსაფრთხოება, IT პროექტების მართვა, მოლაპარაკებები ვენდორებთან და ფინანსებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …