თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აგრარული სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების კვლევა დასრულდა. როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, კვლევა ხაზს უსვამს აგრარულ სექტორში არსებული მეურნეობების გამსხვილებისა და მასშტაბური მეურნეობების შექმნის აუცილებლობას. სექტორში მასშტაბის ეკონომია მიიღწევა მსხვილი ფერმების ჩამოყალიბებით, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს წარმოების მნიშვნელოვან ზრდას და ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას. დამატებით კი შესაძლებელი გახდება არსებული საექსპორტო პოტენციალის ათვისება.
აგრარული სექტორის მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის, რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, ყველაზე მთავარი მიწის ფრაგმენტაციისა და აღრიცხვის საკითხია, რაც ხელს უშლის ქვეყანაში არსებული მიწის რესურსის შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის შექმნას და შესაბამისად მიწის გამოყენებას.
ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის დეფიციტი, რაც აფერხებს ფერმერული მეურნეობების მუშაობას და ამცირებს მოსავლის/პროდუქტის ხარისხსა და მოცულობას.
ასევე, კვლევაში საუბარია არასაკმარისად გამართულ ინფრასტრუქტურასა, მაგალითად, ირიგაციის პროცესის მართვა, და შრომითი რესურსების შეუსაბამო კვალიფიკაციაზე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასშტაბური და განვითარებაზე ორიენტირებული მეურნეობებისთვის. ადგილობრივ ბაზარზე მაღალი კვალიფიკაციისა და თანამედროვე გამოცდილების მქონე კადრების ნაკლებობის გამო, კომპანიები იძულებული ხდებიან სპეციალისტები საზღვარგარეთ მოიძიონ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადების თანახმად, აგრარული სექტორის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან კვლევით გამოვლენილ მიმართულებებზე ჩართულობა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია დარგის გრძელვადიანი და თანმიმდევრული განვითარებისთვის.