BAG: კოვიდ 19-ის ფონზე, დასაქმების ბარომეტრი გაუარესდა

თბილისი (BPI) – BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით, გაუარესდა.

BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის მეოთხე კვარტალში ჩატარებული კვლევის საფუძველზე, უარყოფითია. აღნიშნული მაჩვენებელი, გასულ ორ კვარტალთან შედარებით, დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის მეოთხე კვარტალში, კომპანიათა უმეტესობამ დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელად დატოვა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ანალოგიური ტენდენციის შენარჩუნების მოლოდინი კომპანიათა შედარებით მცირე რაოდენობას აქვს.

კერძოდ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 57% მიიჩნევს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელი დარჩება. შედარებისათვის, გასულ კვარტალში ანალოგიური მოლოდინი კომპანიათა 82%-ს ჰქონდა. ამავდროულად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ კომპანიათა წილი, რომლებიც მომდევნო კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას ვარაუდობს (5%-დან 28%-მდე). ხოლო დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას გამოკითხულთა მხოლოდ 15% გეგმავს.

კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. აქედან ვაჭრობისა და მშნებლობის სექტორებში კომპანიათა დიდ ნაწილს დასაქმების კლების მოლოდინი აქვთ. ხოლო მომსახურების სექტორში გამოკითხულთა 68% დასაქმებულთა რაოდენობის უცვლელვად შენარჩუნებას გეგმავს. აქვე უნდა აღინიშნოს მრეწველობის სექტორი, რომელიც, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, არ გეგმვავს დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას.

როგორც უკვე აღინიშნა, მიმდინარე კვარტლის კვლევის შედეგად, დასაქმების ბარომეტრი გაუარესდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მაჩვენებელი +100-დან -100-მდე მერყეობს, მიმდინარე შეფასება (-13.7) დასაქმების შემცირების არც თუ ისე მკვეთრ მოლოდინს ასახავს.  საერთო ჯამში, დასაქმებასთან დაკავშირებული მოლოდინების გაუარესების მიუხედავად, ასოციაციის წევრთა დიდი ნაწილი დასაქმებულთა შენარჩუნებას გეგმავს.

დასაქმების ბარომეტრი BAG ინდექსის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ყოველკვარტალურად ქვეყნდება და აცნობს საზოგადოებას ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და მოლოდინს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

შემთხვევითი სიახლე

კავკასიის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი (BPI) – კავკასიის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა გულისხმობს, თიბისის მხარდაჭერით, …