BAG-ის განცხადება ეკონომიკის გახსნაზე

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

“საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგების ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების პასუხისმგებლიანი მიდგომის გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელება საგრძნობლად დაეცა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების, ასევე სავაჭრო ობიექტებისა და საკვები პუნქტების/რესტორნების გახსნის წარმოდგენილ გეგმას, რადგან აღნიშნული მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნეს ოპერატორებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ ამ სფეროებს, ასევე ათეულ ათასობით ჩვენი თანამოქალაქისთვის, რომელთაც უჩნდებათ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ სამუშაო გარემოს და შეამცირონ ის სოციალური წნეხი, რასაც პანდემიის გამო განიცდიან.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველდღიური, აქტიური კომუნიკაციისა და კონსულტაციების რეჟიმშია ბიზნეს სექტორთან. შესაბამისად, გვაქვს რა სრული ინფორმაცია გასული ორი თვის განმავლობაში დაგროვილი პრობლემატიკის შესახებ, მუდმივად ვთავაზობდით და ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით, გადაეხედათ და შეემცირებინათ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ბიზნესის ამოქმედებისთვის დადგენილი ვადები.

მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა თითქმის სრულად ფარავს შეზღუდვაში დარჩენილ ეკონომიკის სექტორებს, რაც აჩენს იმედს, რომ ბიზნეს ოპერატორები დროულად დაუბრუნდებიან ბიზნეს აქტივობის იმ ნიშნულს, რომელიც მათ Covid 19 გავრცელებამდე ქონდათ. BAG კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული ეკონომიკის გახსნის პროცესში, რათა საჭიროებიდან გამომდინარე დაიცვას ასოციაციის წევრი კომპანიების ინტერესები”- ნათქვამია ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

BAG-ში ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის დეტალები განიხილეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში ბაზრის მონაწილეებმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის მომავალი …