შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან, “B” და “BE” კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ. თუმცა ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კანდიდატები ვერ შეძლებენ მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარებას შესაბამისი სამუშაოების დასრულებამდე.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება. თითოეული საგამოცდო სამსახურისთვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი.
ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, გავიდეს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთანავე, დაინტერესებული პირი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა. ასევე, მძღოლობის კანდიდატს საშუალება ექნება, ისარგებლოს დაჩქარებული მომსახურებით, რომლის ღირებულება განისაზღვრება 160 ლარით და პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე 15 დღეზე ადრე გავიდეს.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა დაჯავშნოს რიგი. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე, სააგენტოს ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე, 15 წუთით ადრე.