ასოციაცია: თიბისის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ეკონომიკის განვითარებაზე

თბილისი (BPI) – საქართველოს საბანკო სექტორი გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტია, – ასე ეხმიანება საქართველოს საბანკო ასოციაცია თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ თიბისის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ეკონომიკის განვითარებაზე.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ საფინანსო სექტორის გამჭირვალობის მაღალი დონე, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მუდმივად პოზიტიური შეფასებები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების/ინვესტორების სექტორში აქტივობა ადასტურებს სანდოობის მაღალ ხარისხს.

“ბოლო პერიოდში თიბისი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების არასწორმა ინტერპრეტაციამ და საზოგადოების მაღლი ინტერესით სპეკულირებამ შეიძლება დააზიანოს, როგორც რეალური ინფორმაციის სწორად აღქმის პროცესი ასევე შექმნას არასწორი მოლოდინები პროცესის განვითარებასთან დაკავშირებით.

საბანკო სექტორი მუდმივად იმყოფება ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო აუდიტორების, სარეიტინგო კომპანიების და ინვესტორების მონიტორინგის და მეთვალყურეობის ქვეშ, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც თიბისი ბანკის ასევე მთლიანი საბანკო სექტორის მაღალ სტაბილურობას და მდგრადობას.

საქართველოს საბანკო ასოციაცია მუდმივად დაიცავს მისი წევრი ბანკების ინტერესებს და არ დაუშვებს ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს როგორც კონკრეტული ბანკის რეპუტაცია  ასევე მთლიანად საბანკო სისტემა, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე”, – განმარტავენ ასოციაციაში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …