მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ასევე დაამტკიცა განკარგულება, რომლის თანახმად, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ქვეკომპონენტი ემატება, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას, წლიური 8%-ის ოდენობით, სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი. პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრა 5 000-დან 100 000 ლარის ჩათვლით.
ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების, ერთწლოვანი კულტურებისთვის შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების სამუშაოების, გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას. თანადაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს. საფინანსო ინსტიტუტებს შეეძლებათ, სესხები გასცენ 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.