ADB საქართველოს ეკონომიკის ზრდის 0%-მდე ვარდნას პროგნოზირებს

თბილისი (BPI) – აზიის განვითარების ბანკის (ADB) 2020 წლის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა წელს COVID-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის.

დამატებით შემცირებული მოხმარების, ტურიზმისა და ვაჭრობის შედეგად, საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზით მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2020 წელს 0%-მდე დაეცემა.

ბანკის ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს.

საქართველოს ეკონომიკის ჩვეულ დინამიკაში დაბრუნება 2021 წელს 4.5%-იანი ზრდითაა მოსალოდნელი.

ამავე პროგნოზით, ვაჭრობაში სარგებლიანობისა და მთავრობის მიერ უმაღლეს განათლებაში გაზრდილი ხარჯვის შედეგად 2020 წელს სერვისები 1.1%-ით, ხოლო 2021 წელს ტურიზმის გამოცოცხლებასთან ერთად 6.3%-მდე გაიზრდება. ამავდროულად, 2020 წელს ნავარაუდევია მრეწველობის 3.1%-იან ნიშნულზე შეჩერება, მშენებლობისა და წარმოების ტემპის კლების ფონზე, თუმცა 2021 წელს 2.1%-ით ზრდაა ნავარაუდევი მაღალი შედეგებით სამთო-მოპოვებით სექტორში. ადმინისტრირებული ფასების დადგენამ სურსათზე, 2020 წელს ინფლაციის 4,5%-მდე, 2021 წელს კი 3,0%-მდე შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი, რაც ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს.

საქართველოს საგარეო პერსპექტივები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის სავაჭრო პარტნიორებთან განვითარებულ მოვლენებზე. მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2020 წელს კიდევ უფრო შემცირდება და მშპ-ის 4.4.%-ს შეადგენს, ხოლო 2021 წელს 4.2%-ს, რადგან იმპორტის უწყვეტი კლება და ნავთობზე ფასების ვარდნა სავაჭრო დეფიციტის შემცირებას გამოიწვევს.

აზიის განვითარების ბანკის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ექსპორტის ზრდა 2020 წელს 3.6%, ხოლო 2021 წელს 11.9%-ითაა ნავარაუდევი, ხოლო მოკრძალებული შიდა ექსპანსია და შედარებით მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იმპორტს 2020 წელს 1.1%-ით, ხოლო 2021 წელს 7.0%-ით გაზრდის.

ეკონომიკური ზრდის რისკებს წარმოადგენს სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკების მოსალოდნელზე მეტად შენელება, სუსტი შიდა მოთხოვნა, ტურიზმის სფეროს ზრდის შეფერხება და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე გამკაცრებული ლიკვიდურობა, რაც ნაწილობრივ კოვიდ-19-ის გავლენის შედეგია.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების მოცულობა 3.5 მლრდ დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სემეკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი …