ADB-მა “ოპტიმას” თბილისში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მლნ-იანი სესხი დაუმტკიცა

დღეს, 19 ოქტომბერს, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და შპს „ოპტიმამ“, რომელიც m² -ის ჯგუფის და Georgia Real Estate-ის (GRE) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, ხელი მოაწერეს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს საქართველოს დედაქალაქში  მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარების მიზნით.

ეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად კერძო სექტორზე გაცემული ADB-ის პირველი, უპრეცენდენტო სესხია.

m²-ის ჯგუფმა პირველმა აითვისა თანხების მოზიდვის საერთაშორისო  შესაძლებლობა და შექმნა პრაქტიკა სხვა სამშენებლო თუ დეველოპერული კომპანიებისთვის მომავალში მსგავსი ტიპის ინვესტირების მოსაპოვებლად.

სესხი დააფინანსებს 3700 ენერგო ეფექტური ბინისაგან  შემდგარ ორ საცხოვრებელ კომპლექსს პროექტირებაში ინკლუზიურობის, გენდერისა და უნივერსალური წვდომის სტანდარტების გათვალისწინებით.

პროექტი სრულად მორგებული იქნება  შშმ პირებისა და ნებისმიერი ასაკის ადამიანის საჭიროებაზე და მისცემს მათ  საშუალებას  იცხოვრონ უკეთესად.

თბილისში სახლების 80%-ზე მეტი საბჭოთა კავშირის დროს ან მანამდეა აშენებული. ძველ საცხოვრებელ კორპუსებს აკლია სარეკრეაციო ადგილები, ავტოსადგომები და ლიფტები. ასევე, საზოგადოებრივ ადგილებზე წვდომა ხანში შესული ადამიანების, შშმ პირების, ქალებისა და ბავშვებისთვის არ არის მაღალი სტანდარტით წარმოდგენილი.

2019 წელს ქალაქის მთავრობამ წარმოადგინა გეგმა დედაქალაქში მდგრადი ურბანული განვითარების, სივრცული დაგეგმარებისა და ინკლუზიური ინფრასტრუქტურის ხელშესაწყობად. ასევე, მთავრობამ ქალაქის ღია სივრცეებში გენდერზე ორიენტირებული პროექტირების მიზნით, ურბანული განვითარებისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებში გენდერული მრჩევლის როლი დანერგა.

m² -ის მენეჯმენტი  მადლობას უხდის აზიის განვითარების ბანკს  კომპანიისა და მისი  სამშენებლო სტანდარტების მიმართ გამოცხადებული ნდობისა და აღარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფს, რომლის წევრიც m² -ია აზიის განვითარების ბანკთან სხვა პროექტების ნაწილშიც აქვს პარტნიორობისა და თანამშრომლობის ეფექტური გამოცდილება.

„ოპტიმა“ m² -ის ჯგუფის და Georgia Real Estate-ის (GRE), საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების კომპანიების შვილობილია. GRE სს Georgia Capital-ის სრულ მფლობელობაში მყოფი შვილობილია, ხოლო სს Georgia Capital-ის 100%-იანი წილის მფლობელია Georgia Capital PLC. Georgia Capital PLC ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49  აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …