ADB-ი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს თუ რა დახმარების გაწევა შეუძლია ADB-ის საქართველოსთვის კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ.

„ADB სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს შექმნილ რთულ ვითარებაში და განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა ქვეყანას სწრაფად და ეფექტურად დავეხმაროთ,“ — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. —

„ADB მზად არის იმუშაოს მთავრობასთან და მთავარ პარტნიორებთან ერთად დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას იზრუნოს მოსახლეობის ყველაზე მეტად დაზარალებულ ნაწილზე. ასევე მიმდინარეობს მუშაობა, დამატებით კერძო სექტორის დასახმარებლად.“

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ADB-ის პრეზიდენტს აზიის განვითარების ბანკის მხრიდან გამოთქმული მხარდაჭერისა და წევრ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან ინტენსიური კომუნიკაციისთვის. „პანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური კრიზისის ფონზე, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანადგომას,“ — აღნიშნა მინისტრმა.

საქართველო ორმაგ შოკს განიცდის პანდემიის პირდაპირი და ნავთობზე ფასების დაცემის არაპირდაპირი ზემოქმედების გამო. დარტყმა განსაკუთრებით რთული ტურიზმისა და მომსახურების სხვა სექტორებისთვის იქნება. ნავთობის ფასების დაცემა ნეგატიურად მოქმედებს მეზობელი ქვეყნებიდან გადარიცხვებზე და აღნიშნულ ქვეყნებში ზრდის ტემპის შენელება ვაჭრობის შესუსტებასაც იწვევს.

პრეზიდენტმა ასაკავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო წამყვანი რეფორმატორია და ამან ქვეყანას საშუალება მისცა პანდემიის წინააღმდეგ მტკიცე საპასუხო ქმედებები განეხორციელებინა, მათ შორისაა საგადასახადო შეღავათები მძიმედ დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ეკონომიკის სტიმულირებისკენ მიმართული კაპიტალდაბანდებები და ფინანსებთან გაუმჯობესებული წვდომა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და კერძო პირებისთვის. ეს ნაბიჯები საქართველოს რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში დაეხმარება და საფუძველს ჩაუყრის სწრაფ ეკონომიკურ გაჯანსაღებას.

2020 წლის 18 მარტს, ADB-მა დაახლოებით 6.5 მილიარდი აშშ დოლარის საწყისი დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა, კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხოდ მისი წევრი განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პირველადი საჭიროებებისთვის. ADB მზადაა საჭიროებისამებრ ქვეყნებს დამატებით ფინანსური და საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს. მეტი ინფორმაციისთვის კორონავირუსის საპასუხო ქმედებების შესახებ, ეწვიეთ ADB-ის ვებ-გვერდს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …