თბილისი (BPI) – საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დაიკავოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართულ შეხვედრაზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსთან 2019-2023 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის მიზანია რეგიონული კავშირების გაღრმავება, კერძო სექტორის განვითარება, ურბანული განვითარების მხარდასაჭერად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ADB-ის როლის გაფართოება/გავრცელება განათლების, პროფესიული განვითარებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან. როგორც იცით, გასულ წელს, ვიზიტით ვიმყოფებოდი თქვენს ქვეყანაში და ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ განსაკუთრებულმა ძალისხმევამ, რომელსაც საქართველო მიმართავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის“,- განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდი აშშ დოლარია.