ეკონომიკური ზრდის შემცირება, ინფლაცია – როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ მოსალოდნელ რისკებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე კვირას წარმოადგინა მოსაზრებები თუ როგორ და რა მიმართულებებით მოახდენს გავლენას რუსეთის ომი უკრაინასთან. მიუხედავად იმისა, რომ ანალიზში საქართველო პირდაპირ ნახსენები არ არის (თუმცა ცალკე ნახსენებია კავკასია) ალბათ, გასაკვირი არ იქნება თუ აღმოვაჩენთ, რომ საქართველო ყველა მიმართულებით ომის რისკების გავლენის ქვეშ ექცევა.ანალიზში სსფ-ის მიერ დასახელებულია სამი მთავარი მიმართულება, რომელზეც ომს ექნება გავლენა: საკვებსა და ენერგორესურსების ფასებზე, მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო/ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ინვესტორთა გაურკვეველ მოლოდინებზე, მათ შორის კაპიტალის გადინებაზე განვითარებადი ბაზრებიდან.

სსფ-ის ანალიზის მიხედვით ხაზგასმულია, რომ რუსეთის ეკონომიკაზე სანქციებისა და შესაბამისად, რეცესიის შემდგომ რისკის ქვეშ დგებიან მეზობელი ქვეყნები და ცხადია, მათ შორის შეუძლებელია არ მოიაზრო საქართველო. ანალიზში ხაზგასმულია, რომ მჭიდრო ურთიერთობები სავაჭრო, საინვესტიციო, ტურიზმის და გადმორიცხვების მიმართულებით შეიზღუდება, რაც უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე.

კიდევ უფრო მარტივად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის გაფრთხილება სსფ-ის მხრიდან საკმაოდ რეალისტურ რისკებზე, საიდანაც, მოსალოდნელია ორი სცენარი: ერთის მხრივ, შევიმუშავებთ რისკებზე პრევენციის მექანიზმებს, ხოლო მეორე მხრივ, გვექნება გეგმა, რომელიც დააკომპენსირებს მოსალოდნელ დანაკარგებს, რომელთა თავიდან არიდებაც ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: არსებული ორი სცენარიდან რომელი მათგანისთვის და/ან როგორ ვემზადებით?

სამწუხაროდ, ნათლად ჩანს, რომ სსფ-ის მიერ დასახელებული რისკებიდან ჩვენ ყველა „თანაბარი წარმატებით“ გვეხება.

ძალიან მოკლედ რომ მიმოვიხილოთ სსფ-ის ანალიზის მიხედვით წარმოდგენილი რისკები საქართველოსათვის პირობითი პრიორიტეტულობით:

რისკი #1: სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში სამწუხაროდ კვლავ დომინირებს რუსეთი, ამასთან, საკმაოდ მსხვილი წილი აქვს უკრაინას. აღნიშნული ფაქტი ნიშნავს, რომ შემცირდება საქართველოს ექსპორტი ორივე ქვეყანაში, შესაბამისად სავალუტო შემოდინებები. ექსპორტის შემცირება მინიმუმ ორ ფაქტორზე იმოქმედებს პირდაპირ და მყისიერად: ეროვნული ვალუტის კურსის წონასწორობაზე და ეკონომიკურ ზრდაზე, საშუალოვადიანი ეფექტი ექნება დასაქმების მაჩვენებელზე.

რისკი #2: ფულად გზავნილებში, სამწუხაროდ, რუსეთის წილი კვლავ საკმაოდ მაღალია, ამასთან, ბოლო პერიოდისათვის გაზრდილი იყო უკრაინის როლი. ეს ნიშნავს, რომ ერთის მხრივ შემცირდება გადმორიცხვების მაჩვენებელი ორივე ქვეყნიდან, მეორე მხრივ, რუსეთის ეკონომიკის რეცესიის პირობებში, საქართველოს მოქალაქეები დაკარგავენ სამუშაოს რუსეთში, ხოლო ომის ფაქტორის გამო უკრაინაში. შესაბამისად, ორი რისკის ქვეშ დგება საქართველოს ეკონომიკა: გადმორიცხვების შემცირება გავლენას მოახდენს ეროვნული ვალუტის კურსზე, ხოლო სამუშაოს გარეშე დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში, რაც საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

რისკი #3: შემცირდება ტურისტების რაოდენობა ორივე ქვეყნიდან, რაც ასევე საკმაოდ სოლიდურ ციფრებში გამოიხატებოდა დღევანდელობამდე არსებულ პერიოდში. ცხადია, ამ შემთხვევაში პირდაპირი რისკის ქვეშ დგება სავალუტო შემოდინებები, ხოლო დაუტვირთავი ტურისტული ობიექტები, შესაძლებელია, გაუთანაბრდეს პანდემიის პერიოდში არსებულ მაჩვენებლებს, რაც უპირობოდ გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდაზე.

რისკი #4: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ, ბოლო პერიოდში დიდი წარმატება არ გვქონია, თუმცა, სტაბილური იყო რეინვესტირების მაჩვენებელი. არსებული ტურბულენციის პირობებში გაურკვეველი მოლოდინების ფაქტორი და ნდობის შემცირება ქმნის შემდგომი რეინვესტირების რისკს. ამას ემატება სანქცირებული და ან მომავალში სანქცირებული რუსული კომპანიები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, შესაძლოა დაფიქსირდეს საქართველოდან კაპიტალის გადინება, რაც ეროვნული ვალუტის კურსსა და შემდგომ ეკონომიკურ ზრდაზე მოახდენს გავლენას. ამასთან, აღნიშნულის მხოლოდ ირიბ მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ სანქცირებული „ვითიბი ბანკის“ ფაქტობრივად შეწყვეტილი ფუნქციონირება საქართველოში.

მიმოხილვიდან ჩანს, რომ რისკები სახეზეა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამის შესახებ გვაფრთხილებენ! თუმცა, რეალობაა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებისა და ზოგადად, ეკონომიკური პოლიტიკის დივერსიფიკაცია არანაირად არ იძლევა მცირედი სიმშვიდის საფუძველსაც კი. შესაბამისად, მინიმუმ გადაუდებლად აუცილებელია დეტალური რისკების ანალიზის გაკეთება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან (არა მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან) პროაქტიული კომუნიკაციის გზით.

საჭიროა მთავრობის მხრიდან, კოორდინაციაში საქართველოს ეროვნულ ბანკთან, განისაზღვროს ოპერატიული სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქცენტირებულად დაკავებული იქნება ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე
და კვალიფიციურ პასუხებს გასცემს წარმოდგენილ რისკებს.

შესაბამისად, საჭიროა შემუშავდეს სწრაფი, ოპერატიული, მოქნილი სამუშაო გეგმა არსებული გამოწვევების საპასუხოდ რომელიც წარდგენილი იქნება საზოგადოებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული არასწორი ეკონომიკური მოლოდინების ფორმირება, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა არა საფუძვლიანი რისკის მატარებელია (პანიკური შესყიდვები, ინფლაციური მოლოდინი).

ამასთან, გადაუდებელი აუცილებლობაა მოქმედება და კონკრეტიკა შემდეგ საკითხებზე:

  • საჭიროა სასწრაფოდ განსაზღვრა, შემდეგ სამუშაო და არა პროტოკოლური პირდაპირი კომუნიკაციის გააქტიურება აქცენტირებულად იმ ბიზნეს კომპანიებთან, რომლებიც შესაძლოა მნიშვნელოვან რომელი ასრულებდნენ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით. შესაბამისად, საჭიროა სათანადო გეგმის შექმნა;
  • საჭიროა აქცენტირებულად განისაზღვროს ის შესაძლო მიმართულებები სადაც რუსეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები (ეს გარდაუვალი ფაქტია) შესაძლოა დასაქმდნენ;
  • საჭიროა პირველ ეტაპზე კომუნიკაცია მოქმედ ინვესტორებთან (ცხადია არა სანქცირებულ ან არა პოტენციურად სანქცირებულებთან) რათა გავაძლიეროთ ნდობა და თავიდან  ავირიდოთ ქვეყნიდან კაპიტალის შემდგომი გადინება;
  • და ბოლოს, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ არსებული გამოწვევების ფონზე სასწრაფოდ დაიწყოს ეკონომიკური და სავაჭრო პოლიტიკის დივერსიფიკაციის ახალი ე.წ. “საგზაო რუკის” ფორმირება, რომლის მთავარი პრინციპიც რუსეთზე ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის შემცირება იქნება. ახლა ამისათვის უბრალოდ საჭიროება კი არაა, იდეალური დრო და შესაძლებლობაა.

მოსაზრების ავტორი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, “ჯეოქეისის” მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს Businessformula.ge-ს პოზიციას.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …