8 სექტემბრიდან წინანდალი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი გახდება. წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტვივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8-22 სექტემბერს ჩატარდება.
ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი. ფესტივალის ფარგლებში დაარსდება მუსიკალური აკადემია, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.
წინანდლის ფესტივალის ფარგლებში ჩამოყალიბდა პან-კავკასიური (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, PCYO) ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც 6 ქვეყანაში შერჩეული ახალგზარდა, ნიჭიერი მუსიკოსებისგან დაკომპლექტდა. აღნიშნულ ორკესტრს წინანდლის ფესტივალის ძირითადი ორკესტრის სტატუსი მიენიჭა.
წინანდლის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლიზა ბათიაშვილი, იუჯა ვანგი, თომას ჰემფსონი, სერ ანდრაშ შიფი, მიშა მაისკი, ფაზილ საი, რენო კაპუსონი და სხვ. პირველი საფესტივალო დღე გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნება, რომელსაც ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს.
საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში ჩატარდება. წინანდლის ფესტივალი საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის” წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი – მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი – ავი შოშანი, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელი – გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე. ფესტივალი თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ტარდება.
15 დღის განმავლობაში 40 მდე საორკესტრო, კამერული და სოლო კონცერტი 1200 კაციან ამფითეატრში და კამერული მუსიკის 600 კაციან დარბაზში ჩატარდება, რომელიც წინანდლის ისტორიულ მამულში სპეციალურად ფესტივალისთვის აშენდა. უნიკალური აკუსტიკის მქონე და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ დარბაზებში საღამოსა და დღის კონცერტები გაიმართება.