თბილისი (BPI) – ექსპერტებმა დაასკვნეს, თუ რატომ არ იაფდება ბილეთები ფრენის თარიღამდე, თუნდაც რამდენიმე საათით ადრე. როგორც The Points Guy წერს, ავიაბილეთები ფრენის დღეს, ან 24 საათის ან თუნდაც რამდენიმე დღით ადრე უფრო ძვირი ღორს, ვიდრე რამდენიმე თვით ადრე. რატომ?
ავიაკომპანიები რაღაც მიზეზების გამო, ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ბილეთის ფასს არ ცვლიან, მიუხედავად იმისა დარჩება თუ არა თვითმფრინავში ცარიელი ადგილი.
ექსპერტები აღნიშნულის შესახებ 3 მიზეზს ასახელებენ:
პირველი მიზეზი არის ის, რომ ავიაგადამზიდავები დარწმუნებულნი არიან საქმიანი ვიზიტის პირობებში მგზავრები ფინანსებს არ დაიშურებენ და მაღალფასიან ბილეთს მაინც იყიდიან. ასეთ დროს ავიაკომპანიებს არ ადარდებთ დაბალშემოსავლიანი მგზავრი მოახერხებს თუ არა ბოლო წუთებში ბილეთის ყიდვას. დაბალშემოსავლიანი მგზავრი ისედაც ცდილობს ყველაფერი წინასწარ დაგეგმოს და ბილეთები რამდენიმე თვით ადრე იყიდოს. თუმც აქაც არის გამოუვალი შემთხვევები.
რაც შეეხება საქმიან ვიზიტებს, ასეთ დროს ბილეთის ფასს კომპანიები იხდიან და მგზავრს აღარ ადარდებს რამდენს გადაიხდის ბილეთში და ამიტომაც ისინი ბოლო წუთებში ბილეთის ყიდვას არ ერიდებიან.
მეორე, ავიაკომპანიებისთვის მნიშვნელოვანია არა მგზავრთა რაოდენობა, არამედ შემოსავლები.
გადამზიდავი რთული ალგორითმის მეშვეობით ითვლის ბორტზე ცარიელი ადგილის რისკს, რაც წინა გამოცდილებებზეა დამყარებული. ავიაკომპანიებს შეუძლიათ კონკრეტულ თარიღებზე ტარიფები ისე დააწესონ და სავარაუდო გაყიდვები ისე განსაზღვრონ, რომ სავარაუდო შემოსავლებიც კარგად გათვალონ.
ამ ყველაფერს კი “თითო ადგილზე ზღვრული მოსალოდნელი შემოსავალი” ეწოდება. ავიაკომპანიებმა კარგად იციან, რომ ბილეთები, რომელთა ფასიც 200 დოლარია 100%-ით გაიყიდება, ხოლო 850 დოლარიანი ბილეთების შემთხვევაში რეალიზაციას 50%-ი დაექვემდებარება.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ კომპანია უფრო ძვირი ტარიფის ბილეთების რეალიზაციიდან საშუალოდ უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე დაბალ ფასიანი ბილეთების რეალიზაციიდან. და თუ მაღალფასიანი ბილეთების რეალიზაციის ალბათობა უფრო მაღალია, მაშინ ავიაგადამზიდავი რისკს დაბალბიუჯეტიანი მგზავრების სასარგებლოდ ნამდვილად არ გასწევს.
და ბოლოს, მესამე მიზეზი – არის ერთგვარი “შიში”, რომ მგზავრები დაელოდებიან გაფრენის თარიღს, რათა ავიაბილეთები დაბალ ფასად იყიდონ. მუშაობის ასეთი სქემა კი ავიაგადამზიდავს მდგომარეობას გაურთულებს და შემოსავლების დაგეგმვის ალბათობას შეუძლებელს გახდის.