2022 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ბაკურიანში, დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზა სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა. შედეგად, 23 ფიქსირებული და 3 მოძრავი თოვლის საფრქვევი აპარატით, ჯამში, 2,500 მეტრი სიგრძის სათხილამურო გზის გათოვლიანება იქნება შესაძლებელი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ამით უმოკლეს ვადებში დასრულდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზის მონტაჟი, რომელიც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა.
“2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში – ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ჩვენთვის უმთავრესი ინფრასტრუქტურული შესასრულებელი პროექტი იყო. თუმცა, ეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კურორტის სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის – გაზრდის სეზონის ხანგრძლივობას და ცხადია, ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურული ინსტრუმენტია მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისათვის,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზა, დიდველის სათხილამურო არეალში 2020 წელს დამონტაჟდა. 1150 მეტრიან ტრასას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი ათოვლიანებს. აღნიშნულ ტრასაზე გაიმართა 2021 წლის ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსის სახეობაში, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან დადებითად შეაფასდა. რაც შეეხება გათოვლიანების სისტემის პირველ ფაზას, ის 2014-2015 წლებში განხორციელდა. 1600 მეტრიან სასრიალო გზას 36 ერთეული თოვლის საფრქვევი აპარატი ათოვლიანებს.