2023 წელი რეგიონში წარმატებით და მზარდი სტატისტიკით გამოირჩევა, – ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში დეპარტამენტი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
თინათინ ზოიძის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მარტის მონაცემით უცხოელი ვიზიტორების მიერ აჭარაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ჯამში შეადგენდა 333’848 ვიზიტს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 93 %-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +33 % – ით (წყარო საქსტატი).
„გაზრდილია მიმართულებების და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. გაზრდილია ფრენების რაოდენობაც. 2023 წლის 5 თვის მონაცემით განხორციელდა 711 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +1.14 % -ით (2022 წ. 5 თვე – 703 ფრენა), ხოლო 2019 წლის მონაცემთან (598 ფრენა) შედარებით გაზრდილია 19 %-ით. არსებული მონაცემებით ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს, 12 ქვეყანაში რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +42 %-ით“, – აღნიშნა თინათინ ზოიძემ.
მისივე განმარტებით, მთიან აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. კერძოდ:
ქობულეთში – ისპანის ტორფნარებზე გარემოსთან ადაპტირებული ტურისტული ბილიკებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. სახალვაშოში განახლდა ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმა, სოფელ ჩაქვისთავში კი სადამკვირვებლო პლატფორმის განახლების პარალელურად მოეწყო საპიკნიკე სივრცე და საქანელები.
ხელვაჩაურში – მიმდინარეობს მირვეთის ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკების მოწყობა, სოფელ კაპნისთავში შეიქმნა ახალი კანიონგის – კასკადოვან ჩანჩქერებზე დაშვების ექსტრემალური ტურისტული პროდუქტი, მოეწყო დაშვების ლოკაციები, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს ეთნოსოფლის პროექტის ფარგლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მაჭახელაში, რომლის ფარგლებშიც უკვე გაიხსნა მაჭახელას ეთნოსოფლის ვიზიტორთა ცენტრი.
ქედაში – დაემატება ახალი საპიკნიკე ტერიტორიები ზედა მახუნცეთში და ხარისსაწოლის იალებზე, მოეწყო დანდალოს ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი და ჩანჩქერი უკვე შევიდა ტურისტულ მარშრუტებში. საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყო მთა ნაკონაღვარსა და მთა მილისზე. სპორტული ტურიზმის მოყვარულებისთვის ამოქმედებულია კავიანის სამთო ველობილიკიც.
შუახევში – უკვე გაიხსნა და ვიზიტორებს იღებს ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, სადაც მოწყობილია საშხაპეებიც, საკოცონე და ღამისთვის სივრცეებიც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილი აქვს 10 მლნ ლარი. ასევე, დაახლოებით 10 მლნ ლარი დაიხარჯება ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მოწყობისთვის.
ხულოში – გრძელდება ხიხანის ციხეზე მისასვლელი ბილიკის მშენებლობა. ღორჯომში დაიწყო საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. უჩხოს ხეობაში მოეწყო კანიონინგის სადგურები. უკვე გაიჭრა და კეთილმოეწყო კანიონინგთან მისასვლელი ბილიკები, გადამზადნენ კანიონერები და აღიჭურვნენ სპეციალური ფორმებით.
აჭარული სამზარეულოს, ტრადიციებისა და რიტუალების პოპულარიზაციის მიზნით მომზადდა გზამკვლევები „აჭარის კულინარიული გზამკვლევი“ და „ხალხური ტრადიციები და რიტუალები აჭარაში“. წლის ბოლომდე აღნიშნულ წიგნებს შეემატება გზამკვლევები რეგიონის რეწვის დარგების, აჭარის ზღვისა და შიდა წყლების თევზეულობის შესახებ.
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ახალი საპიკნიკე ზონების მოწყობა და ტურისტული ობიექტების განიშნულიანება. ასევე, ახალი სამთო-საველოსიპედე ბილიკების მარკირება. პარალელურად მიმდინარეობს, ისეთი მნიშბნელოვანი ფესტივალები ჩატარება და ორგანიზება რეგიონში, როგორებიცაა „ზაფხულის ფესტივალი“, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ და ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისი ფესტივალი. წელს, პირველად ბათუმმა უმასპინძლა სოფლის ტურიზმის გენერალურ ასამბლეას, რომლის ფარგლებშიც სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაც გაიმართა.