„2022 წელი ნეტო აღრიცხვის კუთხით უპრეცედენტო იყო“ – დავით ნარმანია

„ნეტო-აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს  ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს.

როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, 2022 წელი ნეტო აღრიცხვის მიმართულებით უპრეცედენტო იყო წინა წლებთან შედარებით, გამომდინარე იქიდან, რომ გასულ  წელს ჩართული აბონენტების რაოდეობა გაორმაგდა, რაც, დავით ნარმანიიის თქმით, სემეკის სწორი პოლიტიკის შედეგია.

 „ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრს სახლის სახურავზე, საწარმოს სახურავზე, ან ეზოში დამონტაჟებულია მზის პანელები, ქარის მცირე სადგურები, ასევე მიკროელექტროსადგურები, რაც, რა თქმა უნდა, იმ წესების დამსახურებაა, რომელიც მიიღო სემეკმა და იმ ხელშემწყობი ღონისძიებებისა, რაც არსებობს. 2022 წელი ამ კუთხით გამორჩეული იყო რადგან, არცერთ სხვა წინა წელს ამ რაოდენობის ახალი ნეტო აბონენტი არ ჩართულა სისტემაში. ჯამში მთელი წლის განმავლობაში 348 აბონენტი იქნა ქსელში ჩართული, რაც 2021 წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ გასულ წელს ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ და საწარმომ დააყენა საკუთარ ობიექტებზე ნახევარ მეგავატამდე სიმძლავრის მზის სადგურები“. აცხადებს დავით ნარმანია.

ცნობისთვის, სემეკის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ  საქართველოში 2022 წელს ნეტო–აღრიცხვის რეგულაციაში მოექცა 348 ახალი მიკროელექტროსადგური, ჯამური სიმძლავრით 17,931 კვტ. აღნიშნულ რეგულაციაში 2022 წლის ბოლოსთვის ჯამურად ჩართულია 717 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 35,676.3 კვტ.

 

შემთხვევითი სიახლე

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში – რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

თუ გსურს, ისწავლო  პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები  და დაიწყო სვლა მომავალი …