2021 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 0.9%-ით გაიზარდა – დავით ნარმანია

2021 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა 0.9%-ით და 2.5 მლრდ კუბ.მ შეადგინა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სემეკის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2021 წელს 1,220 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებამ კი – 1,284 მლნ კუბ.მ, საიდანაც 496 მლნ კუბ.მ თბოსადგურების მოხმარებას შეადგენს.

ნარმანიას თქმით, ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.4% დაკმაყოფილდა იმპორტით. საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

„2021 წელს ბუნებრივი გაზის საბითუმო და საცალო ბაზარზე საქმიანობას ახორციელებდა 30
მიმწოდებელი. საქართველოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბუნებრივი გაზის იმპორტი ქვეყანაში
განახორციელა ორმა მიმწოდებელმა. საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი გაზით საბითუმო დონეზე ვაჭრობა განახორციელა თერთმეტმა მიმწოდებელმა, რომელთა შორის სამი უმსხვილესი მიმწოდებლის წილი 94%-ს შეადგენდა;

„2021 წელს ე.წ. კომერციული ბუნებრივი გაზის საშუალო ფასმა ვაჭრობის საბითუმო დონეზე
0.57 ლარი/კუბ.მ შეადგინა. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა გათბობის გრადუს დღეების ოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით 2020 წელს შენობების უფრო მეტი გრადუსით გათბობა იყო საჭირო.

2021 წელს კვლავ გაგრძელდა ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროცესი, რის
შედეგადაც საცალო მომხმარებელთა რაოდენობამ (საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო)
საანგარიშო წლის ბოლოს 1,444,616 შეადგინა“, – აღნიშნა სხდომაზე ნარმანიამ.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ოპერირებდა 22 განაწილების
ლიცენზიატი. მათ შორის სამი ყველაზე მსხვილი ლიცენზიატია (შპს „თბილისი-ენერჯი“, შპს
„სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“). აღნიშნულმა სამმა მსხვილმა განაწილების
ლიცენზიატმა გაანაწილა მთლიანი განაწილებული გაზის 90%.

2021 წელს კომისიას ბუნებრივი გაზის განაწილების ახალი ლიცენზია არ გაუცია.
მოდიფიცირდა ბუნებრივი გაზის განაწილების 2 ლიცენზია, კერძოდ, ცვლილებები შევიდა
შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ ლიცენზიებში და გაფართოვდა აღნიშნული
კომპანიების სალიცენზიო არეალები

2021 წელს გაუქმდა ბუნებრივი გაზის განაწილების სამი ლიცენზია: შპს „ჩირაღდანი-XXI
საუკუნის“, შპს „ტაბას” და შპს „არზუ-გაზის“.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …