თბილისი (BPI) – „გასულ წელს ბიზნესსესხების მოცულობა რეკორდულად გაიზარდა და ფიზიკური პირების სესხებს გადააჭარბა, თუმცა ბიზნესის ვალის ტვირთი საგანგაშო ნიშნულზე არ დგას და წელს სავარაუდოდ მისი მოცულობა დაიკლებს“.-ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისი განმარტებით, 2019 წელს ბიზნესსესხები ჭარბობდა. კორპორატიულმა დაკრედიტებამ ყველა რეკორდი მოხსნა. მართალია, ვალის ტვირთის ზრდა ბიზნესსექტორში შეინიშნება.
„თუმცა ჩვენი აზრით, მართვადია და სახიფათო დონეზე არ დგას, მაგრამ საყურადღებო ტენდენციაა, რომ არ გაიზარდოს. 2020-ში ჩვენი აზრით ბიზნესდაკრედიტება ნორმალურ დონეზე დადგება, წელს უფრო შემცირდება“, – განაცხადა ნადარაიამ.
ნადარაია ინფლაციაზეც და მის წნეხზეც საუბრობს, რომელიც გასულ წელს მკვეთრად გაიზარდა. მისი მოსაზრებით, წელს ინფლაცია დაიკლებს და წლის ბოლოს შესაძლოა მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლაც ჩავიდეს.
„ინფლაცია პრობლემაა და ეს ყველამ ვიცით, თუმცა ცალსახაა, რომ ინფლაციის ზრდის მაჩვენებელი შენელდა და უკვე შემცირება დაიწყო. თვე-თვეზე თუ შევხედავთ, გასული წლის დეკემბერშიც დაბალი იყო, ასევე მიმდინარე წლის იანვარში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციამ შემცირება დაიწყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდის ტემპმა დაიწყო შემცირება და არა თავად ფასებმა დაიწყო საშუალოდ კლება. ამ დინამიკასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ სასაქონლო პროდუქტებზე ნავთობსა და სხვა პროდუქტებზე საერთაშორისო დონეზე ფასები შემცირდა. ფასების ეს კლებაც დაღმავალი მიმართულებით მოახდენს გავლენას. წელს ველოდებით მიზნობრივზე უფრო დაბალ ინფლაციას წლიურ გამოხატულებაში. დეკემბერში სავარაუდოდ, ორი პროცენტი ან ცოტა ნაკლებიც იქნება“, – განაცხადა ნადარაიამ.
მისი განმარტებით, ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის შესაძლოა მიზნობრივ სამ პროცენტზე დაბლა დაეშვას და ორი პროცენტი შეადგინოს.
როგორც ნადარაია აცხადებს, საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტებისა და ექსპერტების პროგნოზების მიხედვით, კორონავირუსის ფაქტორის გამო, გლობალური ეკონომიკის დონეზე განსაკუთრებულ ნეგატიურ გავლენა მოსალოდნელი არ არის.
რაც შეეხება 2020 წლის პროგნოზს, ნადარიას განცხადებით,ის,რაც მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში ხდება, ეს ტურიზმის კუთხით სერიოზული გამოწვევაა. გარდა ამისა, არანაკლები გავლენა ექნება ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების კუთხით.