ირაკლი ლექვინაძე: სტუდენტების დასაქმების პერსპექტივით საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო პროგრამა დავიწყეთ

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს რექტორი, გია კავთელიშვილი სტუდენტებს შეხვდნენ. ღონისძიების ფარგლებში, მსჯელობა გაიმართა – მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმებისა და კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების საკითხებზე.

„სტუდენტების დასაქმების პერსპექტივით, საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო პროგრამა „დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“ უკვე აქტიურ ფაზაშია. ჩვენი მიზანია სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება-დასაქმება.

გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულება ქართულ რეალობაში არის სიახლე, მიმდინარე საკითხების რეგულირების პროცესში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – აკადემიური სექტორის მხარდაჭერა, ჩართულობა, მომავალი თაობის აქტიური მონაწილეობა, მოსაზრებების, შენიშვნების მოსმენა და ერთიან ფორმატში მსჯელობა,“ – განაცხადა შეხვედრაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და რექტორს, სეუ-ს სტუდენტებს თემით დაინტერესებისთვის, შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

“აღნიშნული მემორანდუმი SEU-ს სტუდენტებს აძლევს კარგ შესაძლებლობას, თეორიულ ცოდნასთან ერთად, რეალურ გარემოში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილებაც, კარგად გაეცნონ მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლის საკითხებს და გაიარონ სტაჟირება კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში. ეს შეუწყობს ხელს მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადებას, რადგან მომხმარებლის უფლებების დაცვა ქართულ რეალობაში ახალია. აღსანიშნავია, რომ SEU სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განსავითარებლად არაერთ კომპანიასთან თუ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს,”- განაცხადა SEU-ს რექტორმა გია კავთელიშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს რექტორმა, გია კავთელიშვილმა – კონკურენტული გარემოს გაძლიერების, სტუდენტების ხელშეწყობის, მომხმარებელთა უფლებების აღსრულების პოლიტიკის გაძლიერების და ექსპერტულ/მეთოდოლოგიური დახმარების გაძლიერების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ღონისძიებაზე – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ შაიშმელაშვილმა პრეზენტაციები წარადგინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც, ძირითად, სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები ესწრებოდნენ.

შემთხვევითი სიახლე

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. საკითხი ეხება – …