კობა გვენეტაძე – საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი სფეროა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ბანკირთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნი-ალბომი “საქართველოს სახელმწიფო ბანკი” და საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი შრიფტი წარადგინა.

კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა საბანკო სექტორის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ წიგნი-ალბომი “საქართველოს სახელმწიფო ბანკი” მკითხველს უფრო დეტალურად გააცნობს ასწლიან ისტორიას. აღსანიშნავია, რომ წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი კობა გვენეტაძემ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.

“უკვე წლებია, საქართველოს მძლავრი და განვითარებული საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი სფეროა. საფინანსო სისტემამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია, გლობალურ შოკებთან წარმატებით გამკლავების პარალელურად, მუდმივად ვითარდებოდეს და უდიდესი წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის წინსვლის საქმეში. ამის შესახებ სხვადასხვა მოწინავე საერთაშორისო და მაღალპროფესიონალური პლატფორმებიდანაც არაერთხელ მოგვისმენია. ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ დღევანდელი წარმატებებს სწორედ ჩვენი ასწლოვანი ისტორიაც უმყარებს საფუძველს”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელმაც საბანკო სექტორის ყველა თანამშრომელს მიულოცა ბანკირთა პროფესიული დღე. “ვულოცავ ყველას ვისთვისაც ეს დღე მისალოცია, უპირველეს ყოვლისა 22,000-ზე მეტ თანამშრომელს საქართველოს საბანკო სექტორის. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კარგ და ფუნდამენტურ საქმეს აკეთებენ. ქართული საფინანსო სექტორი, საბანკო სექტორი ერთ-ერთი მოწინავეა მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში, ამიტომ ამ მიღწევას გაფრთხილება უნდა”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წარადგინა საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი შრიფტი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით შექმნა და გააციფრულა.

 

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …