თბილისი (BPI) „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მოსალოდნელზე მეტად აქტიურ ტემპში მიმდინარეობს და პირველი ორკვირიანი ციკლი უპრეცედენტოდ მაღალი შედეგით დავასრულეთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, პროექტის პირველი ორკვირიანი ციკლი დღეს 5 საათზე დასრულდა და ორი კვირის განმავლობაში 26 ისეთი ობიექტის პრივატიზება მოხდა, რომელიც აქამდე გაჩერებული და პრაქტიკულად უსარგებლო იყო.
„ამ 26 ობიექტში ინვესტორებმა ჯამში გადაიხადეს 41 მილიონ ლარზე მეტი, როდესაც საწყისი შეფასება იყო დაახლოებით 30 მილიონი ლარი. შესაბამისად, მაღალი კონკურენციის, ძალიან აქტიური და მაღალი ინტერესის შედეგად საწყისი ფასი გაიზარდა 34 პროცენტით. მთლიანობაში, მინდა ვთქვა, რომ პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ არის ძალიან წარმატებული, პრივატიზება მიდის მაღალი ტემპით და ძალიან მალე ახალ საპრივატიზებო ქონებას შევმატებთ ამ სიას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროექტის ფარგლებში გაყიდულ ობიექტებს შორის არის მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია, რომელიც დღეს გამართულ საჯარო აუქციონზე 7 510 000 ლარად გაიყიდა, რაც საწყის ფასზე 308%-ით მეტია.
პრივატიზაციის უპრეცედენტო და მასშტაბური პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი აუქციონზე გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებით არის გამოტანილი.
გამარტივებული პროცედურა გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა.
აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.
აუქციონი იქნება მუდმივად შევსებადი და ეტაპობრივად დაემატება ახალი ობიექტები. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.