თბილისი (BPI) – „დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც კერძო სექტორი სვამს საქართველოს ბიზნეს გარემოსთან მიმართებაში არის დავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტა. ამ გამოწვევის პასუხია არბიტრაჟის ჩამოყალიბება და მედიაციის, როგორც საკითხის გადაწყვეტის გზის დანერგვა“, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ პროექტის „მედიაციისა და არბიტრაჟის გაძლიერება კომერციული დავების უფრო სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტისთვის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მედიაციისა და არბიტრაჟის გაძლიერება კომერციული დავების უფრო სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტისთვის“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტია და საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას ემსახურება.
„ბიზნესმბუდსმენი ინსტიტუტი არის მედიაციის რგოლი კერძო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებს შორის. ჩვენ ვეხმარებით მხარეებს მიაღწიონ შეთანხმებას უფრო სწრაფად და ნაკლებ დროში ვიდრე ისინი ამას დამოუკიდებლად შეძლებდნენ. ბიზნესისთვის მედიაციის გზით დავის მოგვარება ეფექტურია, რადგან მედიაცია საშუალებას იძლევა კონფლიქტი გადაწყდეს მოკლე დროში – ორ მხრივი კომპრომისის საფუძველზე, გაჭიანურებული სასამართლო პროცედურისა და ზედმეტი ფინანსური დანახარჯების გარეშე. ჩვენ რეკომენდაციით მივმართავთ ადმინისტრაციულ ორგანოებს უწყებებში, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიზნესთან დანერგონ ან გააძლიერონ მედიაციის მიმართულებები“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან, სასამართლო სისტემასთან, კერძო სექტორთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროკავშირი და UNDP ხელს შეუწყობენ კომერციულ დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენებას, ქართველი მედიატორებისა და არბიტრების პროფესიულ განვითარებას, საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების მხარდაჭერის ახალი ფაზა 2019-2020 წლებში განხორცილდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 850 ათასი ევროა. პროგრამა შესრულდება ევროკავშირის ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის EU4Business ფარგლებში და წვლილს შეიტანს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.