“ჯიპიაი ჰოლდინგი” სადაზღვევო ბაზრის ლიდერია

თბილისი (BPI) – “ჯიპიაი ჰოლდინგი” კვლავ სადაზღვევო ბაზრის ლიდერია. საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა  2020 წლის 6 თვის ანგარიშის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიას სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდი წილი უჭირავს – 20,62%.

ჯიპიაი ლიდერია მოზიდული პრემიის რაოდენობითაც, კომპანიამ აღნიშნულ პერიოდში 74 087 033 მლნ. ლარი მოიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 36%-ით მეტია.

პაატა ლომაძე, “ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი” : “პანდემიის მიუხედავად, ჯიპიაიმ არა მხოლოდ შეინარჩუნა ბაზარზე ლიდერობა, არამედ სადაზღვევო ბაზრის პარალელურად გაიზარდა და განვითარდა. ორი კვარტლის მონაცემები გვაძლევს საშუალებას თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ შევძელით და მინიმუმამდე შევამცირეთ  covid-19-ის ეფექტი ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე. კრიზისის თავიდან ასაცილებლად ყველა პროცესი ციფრულ არხებში მარტივად გადავიტანეთ. გამართული ონლაინ სისტემების დახმარებით შევინარჩუნეთ ბიზნესუწყვეტობა, ჯიპიაის ყველა თანამშრომელი დისტანციურად, მაგრამ ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა და ჩვენი დაზღვეულებიც დაზღვევის ყველა სერვისს უწყვეტად და შეუფერხებლად იღებდნენ. ამან საშუალება მოგვცა არ დაგვეკარგა პოზიციონირება სადაზღვევო ბაზარზე და პანდემიის მიუხედავად ჩვენი წილი გავზარდეთ კიდეც. თუმცა აქ უნდა აღვნიშნო, რომ ზრდა ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯზე მოხდა და კრიზისმა სერიოზული გავლენა იქონია არასიცოცხლის პორთფელზე, განსაკუთრებით საცალო დაზღვევის მიმართულებით. სამწუხაროდ, ამ კუთხით ზოგადად ბაზარზეც და ჩვენს კომპანიაშიც კლება შეინიშნება და ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ზოგადად დაზღვევის ინდუსტრიისთვისაც.”

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, 2020 წლის პირველ 6 თვეში, პანდემიის მიუხედავად,  ქვეყანაში  სადაზღვევო ბაზარი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. ბაზარზე ყველაზე დიდი წილი (48%) კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებას უჭირავს, სამედიცინო დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებელმა ჯამში  138 532  796 მლნ. ლარი შეადგინა. ჯიპიაი ბაზარზე ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხითაც უპირობო ლიდერია და მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტ სადაზღვევო კომპანიებს. 2020 წლის 6 თვეში ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით კომპანიის  მოზიდულმა პრემიამ 48, 20 მლნ. ლარი შეადგინა.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ 19 წელია წარმოდგენილია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. 2006 წლიდან ის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …