“ჯეოქეისმა” საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით მორიგი ვებინარი გამართა

ანალიტიკურმა ცენტრმა „ჯეოქეისი“ თემაზე – “საქართველოს ევროპული პერსპექტივიდან კანდიდატის სტატუსამდე: ევროკავშირის კითხვარის შეფასების მოლოდინში” – მორიგი ვებინარი გამართა.

დისკუსიის მიზანი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევების და პერსპექტივების განხილვა. ასევე, ფართო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება, იმ რეფორმების შესახებ რაც უკვე განხორციელდა ან მიმდინარეობს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესასრულებლად.

ონლაინ დისკუსიას მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ  ყიფიანი უწევდა. მომხსენებელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ბუჯიაშვილი გახლდათ.

განხილვისას, საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ შედგენილი კითხვარის საფუძველზე შევსებული ანგარიშის პრაქტიკულ დანიშნულებას და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს.

დავით ბუჯიაშვილმა კითხვარის მეორე – სექტორული ნაწილი მიმოიხილა და  ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ სხვადასხვა დარგში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს.

მისი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რასაც ევროინტეგრაცია ითვალისწინებს, არამედ კანონების ეფექტიანად აღსრულებაც, რა მიზნითაც ჩამოყალიბდა არაერთი ინსტიტუტი, მათ შორის სურსათის უვნებლობის სააგენტო, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, კონკურენციის სააგენტო, ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დავით ბუჯიაშვილმა აღნიშნა, რომ რეფორმები წარმატებით განხორციელდა გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის, შრომის უფლებების დაცვის სფეროებში და პენიტენციურ სისტემაში. განსაკუთრებით გამოყო საჯარო სამსახურის რეფორმა. მისი აზრით, ევროკავშირის კითხვარზე ამომწურავი პასუხები საქართველოს საჯარო მოხელეების კვალიფიკაციამ და მდგრადობამ განაპირობა. ვინაიდან მთავრობის ცვლილებასთან ერთად არ მოხდა საჯარო მოხელეების შეცვლა – საქართველომ შეინარჩუნა ის კადრები, რომლებიც წლების მანძილზე ევროინტეგრაციის თუ სხვა სექტორულ მიმართულებებზე მუშაობდნენ, ინსტიტუციური მეხსიერება შენარჩუნდა და ეს ყველაფერი აისახა კითხვარის მომზადებასა და, ზოგადად, რეფორმების განხორციელებაზე.

საჯარო მოხელეთა განსაკუთრებული წვლილი აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმაც. “ქართული საჯარო სამსახური, ქართველი მოხელე გამოირჩევა შედარებით მაღალი კომპეტენტურობით, პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით საქმისადმი და, ალბათ, ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ამ გზაზე, მათ შორის, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ჯგუფის დამსახურებაა. ესაა თავდაუზოგავი, ხშირად დაუფასებელი შრომის შედეგი. თუმცა, ამ შრომის მთავარი დაფასება იქნება ჩვენი ისტორიული პერსპექტივა და მომავალი, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, მისი მყარად ფეხზე დადგომა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ, მე ვსარგებლობ შემთხვევით, რომ საქართველოს საგარეო უწყებას ჩემი მოქალაქეობრივი მადლობა ვუთხრა ამ დაუღალავი და ტიტანური შრომისათვის“, – განაცხადა მან.

დისკუსია შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პრაქტიკულ სარგებელსაც, რასაც, მომხსენებლის თქმით, ექსპორტის ზრდა, სავაჭრო ურთიერთობების სტანდარტების დონეზე დაახლოება, მეტი ინვესტიცია, მეტი ადამიანის დასაქმება და ეკონომიკური განვითარდება წარმოადგენს.

მოდერატორის კითხვაზე თუ რა დამატებითი ინიციატივები და ღონისძიებები ტარდება ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, დავით ბუჯიაშვილმა განაცხადა: “მთავარია რეფორმირების კუთხით შევინარჩუნოთ თანმიმდევრულობა და გავაგრძელოთ რეფორმების პროცესი, იქნება ეს სექტორული რეფორმები თუ პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაცია. ქვეყნის შიგნით არსებული პროგრესი, თავისთავად განსაზღვრავს ქვეყნის გარეთ პოლიტიკური ქულების დაწერასა და საგარეო ფრონტზე დადებულ შედეგებს.“

ვებინარის დასასრულს გამოითქვა მზაობა, რომ ევროკომისიის მიერ კითხვარის შეფასების გამოქვეყნების შემდეგ კვლავ გაიმართოს ონლაინ დისკუსია შედეგების დეტალების განსახილველად და საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით.

 

იხილეთ ვებინარის ჩანაწერი

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …