ხორვატია შენგენის ზონაში გაწევრიანების ზღვარზეა

ხორვატია, რომელიც ევროკავშირის წევრი თითქმის ათი წლის წინ გახდა, შენგენის ზონაში გაწევრიანების ზღვარზეა. პროცესის დაჩქარება უკრაინაში რუსეთის ომს უკავშირდება.

“ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, ევროპელებს მოგვიწოდებს ვიყოთ უფრო ერთიანები. შენგენი ხორვატიით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მის გარეშე”, – ამბობს ზაგრებში საფრანგეთის ელჩი გაელ ვეისიერი.

ხორვატიის შენგენში შესვლა სარგებელს მოუტანს მის ეკონომიკას. გარდა იმისა, რომ ქვეყანა ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება, 10 მილიონზე მეტ ევროპელს, რომელიც ყოველწლიურად ხორვატიაში ადრიატიკის ზღვის სანაპიროებზე დასასვენებლად მიემგზავრება, გადაადგილებას გაუმარტივებს. ევროკავშირისთვის ეს ბალკანეთის რეგიონის მიმართ ერთგულების გაღრმავებას ნიშნავს.

ამავე დროს ეს ნაბიჯი გარკვეულ რისკებს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ის მიზნად ევროკავშირში ერთიანობის განმტკიცებას ისახავს, ხორვატია ფაქტობრივად გადაუსწრებს ევროკავშირის ორ სხვა წევრს – რუმინეთს და ბულგარეთს, რომლებიც შენგენში შესვლისთვის, ბლოკში გაწევრიანების შემდეგ, 2007 წლიდან იბრძვიან. მათი შეფერხების მიზეზი კორუფციასთან და საზღვრების დაცვის შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ღელვას უკავშირდება.

სწორედ საზღვრის დაცვის უნარი არის მთავარი შიში, რაც ხორვატიასთან მიმართებით არსებობს. მას აქვს 1000 კმ-იანი საზღვარი ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, ევროპის ყველაზე ღარიბ და კორუმპირებულ ერთან, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტების მიერ დასავლეთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრის ანდრეი პლენკოვიჩის თქმით, ევროკავშირის ლიდერები, ხორვატიის შენგენის ზონაში შეყვანის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მიიღებენ.

Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთი წინადადებას 30 ივნისს, ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეობის ვადის დასრულებამდე, წარადგენს.

“ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად. ჩვენ უნდა შევუერთდეთ ამ ღრმა ინტეგრაციას 1 იანვარს”, – განუცხადა პლენკოვიჩმა ევროპარლამენტის დეპუტატებს გასულ კვირას.

ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ ევროკავშირის კარი ღიაა უფრო მეტი ინტეგრაციისთვის.

რეგიონში შეშფოთება მას შემდეგ გაიზარდა, რაც უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მაშინ, როდესაც ასპირანტ ქვეყნებთან, მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან, გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკილია. კანდიდატის სტატუსის მქონე სერბეთისა და მონტენეგროს ევროინტეგრაციის მიმართულებით პროცესის წინსვლა ასევე შეფერხებულია, რაც მოსკოვსა და პეკინს რეგიონში ინვესტიციებისთვის გზას უხსნის.

“რუსეთის სტრატეგიული მიზანია ბალკანეთის ამ ნაწილის დესტაბილიზაცია. ევროკავშირს აქვს შანსი, ეს ქვეყნები კიდევ უფრო ძლიერად დაუკავშიროს საკუთარ თავს და თავიდან აიცილოს კონფლიქტები რეგიონში”, – ამბობს ზაგრების ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლის უფროსი ლექტორი ვედრანა პრიბიჩევიჩი.

გასული წლის ბოლოს ევროკავშირის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ხორვატია მზადაა შეუერთდეს შენგენის ზონას.

შენგენის ზონას 26 წევრი ჰყავს, მათ შორის არიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები: შვეიცარია და ნორვეგია.

წყარო: ბიზნესფორმულა

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …