თბილისი (BPI) – მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერში განახლებული ამბულატორია გაიხსნა. რეაბილიტაცია ნენსკრა ჰესის კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და პროექტის ინვესტორი კომპანიის – კორეის წყლის რესურსების კორპორაციის (K-water) დაფინანსებით განხორციელდა.
„ჩვენი კომპანია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში არაერთ სოციალურ პროექტს ვახორციელებთ. მიმდინარეობს აგრეთვე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ჩვენი დაფინანსებით ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. გარდა ამისა, კომპანია მხარს უჭერს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ არა მხოლოდ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაში, არამედ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაშიც“, – განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ სუნიქ ლიმ.
2015 წლიდან დღემდე „ნენკსრა ჰიდრომ“ სოციალურ პროექტებზე 1 200 000 ლარამდე დახარჯა.
სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.