“ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის” დანერგვის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა

საქართველოში  უკვე სრული დატვირთვით მუშაობს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (NAITS), რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობი ორგანიზაციის (FAO) ერთ-ერთი უმსხვილესიპროექტია საქართველოში. პირველი ფაზა,  რომელიც 5-წლიან პერიოდს მოიცავდა, წარმატებით და ხელშესახები შედეგებით დასრულდა. ამ ეტაპზე, NAITS ელექტრონული სისტემა აერთიანებს ინფორმაციას შინაური ცხოველების შესახებ, რომელთა იდენტიფიცირებასაც კანონი ითვალისწინებს. ასევე, მონაცემებს მათი ადგილსამყოფელისა და მფლობელების შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და FAO-მ ეს პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივად განახორციელეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ხუთწლიანი მუშაობის შედეგად, NAITS-ის სისტემაში დარეგისტრირებულია 900-ზე მეტი მომხმარებელი (სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, ინსპექტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები), 250 000-ზე მეტი ცხოველთა სადგომი; თავმოყრილია მონაცემები მილიონზე მეტ მსხვილფეხა საქონელზე. სისტემაში ცხოველების შესახებ იძებნება ისეთი ტიპის ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად, მათი წარმოშობა, გადაადგილება, ვაქცინაცია, დაკვლის თარიღი – რათა ცხოველური წარმოშობის  პროდუქტი „ფერმიდან – სუფრამდე“ პრინციპით,  დოკუმენტირებული და სრულად მიკვლევადი იყოს.

ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიკვლევადობა, რომელსაც NAITS ემსახურება, სურსათის უვნებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მომხმარებლებისთვის უვნებელი ხორცპროდუქტების  მიწოდებასთან ერთად, პროგრამა წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს სასურსათო სისტემის გაუმჯობესების გზაზე და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულებაში.

ელექტრონული სისტემა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ FAO-ს დახმარებით ჩამოაყალიბა, 22 განსხვავებულ მოდულს მოიცავს. მათ შორისაა, ცხოველთა და მათი სადგომების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ცხოველთა გადაადგილების, ლაბორატორიული შედეგების, ეპიდემიოლოგიური კვლევების, ცხოველთა სასაკლაოებისა მოდულები.

ამავდროულად, სისტემა იძლევა თავმოყრილი ინფორმაციის ანალიზის საშუალებასაც. ამჯერად, FAO-ს გუნდი სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად სამომხმარებლო მოდულის დასრულებაზე მუშაობს, რომლის შედეგად შექმნილი NAITS-ის ანდროიდ აპლიკაცია მყიდველებს საშუალებას მისცემს, ხორცისა თუ ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შესახებ ინფორმაცია დახლთანვე, ელექტრონულად მოიძიონ.

NAITS-ი მნიშვნელოვნად ზოგავს ზემოთ აღნიშნული მონაცემების აღრიცხვის დროსა და რესურსს. ის საქართველოში ამ მიმართულებით დანერგილი ქაღალდის ფორმების შევსებას სრულად ელექტრონული სისტემით ჩაანაცვლებს.

მთლიანობაში, პროექტის განმავლობაში გადამზადდა ასობით ვეტერინარი, გაიმართა სამუშაო შეხვედრები და შესაბამისი ინფორმაცია გადაეცა ქვეყანაში ფერმერთა დიდ ნაწილს, მათ შორის, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ფერმერებსა და ფართო საზოგადოებაში სისტემატურად  ვრცელდებოდა ინფორმაცია ცხოველური წარმოშობის პროდუქტების უვნებლობისა და მათი მიკვლევადობის  მნიშვნელობაზე; FAO დაეხმარა  სურსათის ეროვნულ სააგენტოს NAITS-ის მომხმარებლების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ე.წ.  Help Desk-ის გამართვაში.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც განახლებული NAITS დანერგა. მისი  შექმნის პროცესში გათვალისწინებული იყო ევროკავშირისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება. სისტემის ეფექტურობასა და მაღალ ხარისხს სხვა ქვეყნების დაინტერესებაც ადასტურებს. კერძოდ, ჩრდილოეთ მაკედონიამ ოფიციალურად ითხოვა NAITS-ის დანერგვა. სისტემისადმი ინტერესი ასევე გამოხატეს ალბანეთმა, უზბეკეთმა, ყირგიზეთმა, მონღოლეთმა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებმა.

სრულად ფუნქციური ცხოველთა იდენტიფიკაციარეგისტრაციის ელექტრონული სისტემის შექმნა და დანერგვა საქართველოში FAO- ერთერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. ვამაყობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით და ვეტერინარებისა და ფერმერების აქტიური ჩართულობით ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სისტემა შევქმენით. მოხარული ვართ, ჩვენი გამოცდილება  სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ, რომლებმაც უკვე გამოხატეს ინტერესი, ამასთანავე, განვაგრძოთ პროექტის მეორე ფაზა საქართველოში, რათა უფრო მეტი წვლილის შეტანა შევძლოთ სურსათის მიკვლევადობის გასაუმჯობესებლად და, შესაბამისად, სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების მისაღწევად, – აღნიშნა NAITS-ის პროექტის მენეჯერმა მიხეილ სოხაძემ.

 „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) სრულად ამოქმედება, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ცხოველთა აღრიცხვიანობის და მიკვლევადობის მიმართულებით. პროცესი, რომელსაც დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტი    ახორციელებს, წარმატებით მიმდინარეობს და აღსანიშნავია რომ უკვე აღინიშნება  კერძო სექტორის ჩართულობა და დაინტერესებაც. ცხოველების იდენტიფიკაცია ეხმარება ფერმერებს რეგისტრაციასთან  ერთად, ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამებით  და შეუფერხებლად მოახდინონ  როგორც ცხოველების, ასევე,  მათგან მიღებულ ნაწარმის რეალიზაცია. ყველაფერი ერთად კი ხელს უწყობს მომხმარებლის ინტერესების დაცვას, ფერმერული მეურნეობების ახალ სტანდარტებზე გადასვლას და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის და  ნდობის ამაღლებას საექსპორტო ბაზრებზე“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე

2022 წელს,  NAITS-ის მეორე ფაზა იწყება.   პროექტის ძირითადი მიზანი,  ქვეყანაში სისტემის დანერგვისა და გაფართოების მიზნით, სახელმწიფოს ტექნიკური მხარდაჭერაა.  აღსანიშნავია, რომ  მეორე ფაზა განსაკუთრებით კონცენტრირდება კერძო სექტორსა და მომხმარებელზე, რათა მხარეებმა პროექტისგან  და მასში თავმოყრილი ინფორმაციისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …