ცოტნე ყავლაშვილი: ყველა კომპანია ჩადგება თანაბარ პირობებში

თბილისი (BPI) – მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა კომპანია ჩადგება თანაბარ პირობებში, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა ოქროს სიის გაუქმებაზე.

როგორც მან განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება ერთი მხრივ, უკავშირდება კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

„ჩვენი მთავრობის პოლიტიკა, როგორც საგადასახადო პოლიტიკის, ისე სტრუქტურული რეფორმების ნაწილში, უკვე წლებია ემსახურება ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ყველა ბიზნესსუბიექტისთვის. დღემდე არსებული რეგულაციით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ნაწილში 217 მსხვილი კომპანია სარგებლობდა პრეფერენციული პირობით. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადა, მათთვის განსაზღვრული იყო 30 დღის ვადით. მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული  კომპანიებიც ჩადგებიან თანაბარ პირობებში საშუალო და მცირე ბიზნესთან. ასევე, მნიშნელოვანია, რომ გვაქვს  ვალდებულება, ჩვენი საბაჟო პროცედურები და საბაჟო რეგულაციები ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ბიზნესსუბიექტებს, ვისაც შეეხოთ აღნიშნული რეგულაციის ცვლილება, მიეცათ გონივრული ვადა ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არა აქციზური საქონლის იმპორტიორებს ეს ვადა განესაზღვრათ 30 დღით, ხოლო აქციზური საქონლის იმპორტიორებს 10 დღის ვადით.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …