თბილისი (BPI) – რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბატი ამბობს, რომ EBRD კვლავ გააგრძელებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას ქვეყანაში, რომელიც ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმატორია.
ჩაკრაბატი ფინანსთა სამინისტროს EBRD-ის დელეგაციასტან ერთად სტუმრობს. ივანე მაჭავარიანმა შეხვედრაზე აღნიშნა EBRD-ის, როგორც ძლიერი პარტნიორისა და დონორის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში და მაღალი შეფასება მისცა ბანკის პრეზიდენტის ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით.
სულ ამ დროისთვის საქართველოს ეკონომიკაში ბანკს დაახლოებით, 3.2 მილიარდ ევრო აქვს ჩადებული. 2014 წელს, სწორედ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იყო პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვა ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები. ასევე, 2017 წელს პირველად, გამოვიდა EBRD-ს ლარით დენომინირებული ევრობონდები.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის საქმიანობა, EBRD-ს მხარდაჭერით მიმდინარე და სამომავლო პროექტები ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, განათლების სფერო, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა ინოვაციების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სტანდარტებთან დაახლოების გზით.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო EBRD-ს განსაკუთრებულ წვლილს ინვესტორთა საბჭოს მუშაობაში, რომლის მიზანია, ქვეყანაში საჯარო-კერძო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) გაძლიერება. ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სამომავლოდაც სტრატეგიული და ნაყოფიერი იქნება. EBRD-ს პრეზიდენტის რანგში ეს სერ სუმა ჩაკრაბატის მეოთხე ვიზიტია საქართველოში.