შეთანხმება ინვესტიციების სფეროში საქართველოსა და კორეას შორის თანამშრომლობის მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის – გენადი არველაძე

ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის მოლაპარაკებების მეორე ოფიციალური რაუნდი წარმატებით დასრულდა. მხარეები დღის წესრიგით დაგეგმილ საკითხებზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკება მომდევნო შეხვედრაზე გაგრძელდება.

კონსულტაციები მხარეებს შორის ვიდეო-კონფერენციის ფორმატში ჩატარდა. საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა გუნდს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აზიის ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, კორეის რესპუბლიკასთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ბოლო წლებში ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის დადებითი დინამიკა გვაქვს. მისასალმებელია კორეული კომპანიების დაინტერესება საქართველოთი. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს იმ პოტენციალის გამოყენებას, რომელიც არსებობს. შეთანხმება ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის, ხელს შეუწყობს კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებასა და ორივე სახელმწიფოს კეთილდღეობას,” – განაცხადა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

მისი თქმით, მხარეებმა ასევე გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვაჭრობის ლიბერალიზების მიმართულებითაც. „ჩვენ დავასრულეთ მიზანშეწონილობის კვლევა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე და უახლოეს თვეებში მოლაპარაკებების პირველ რაუნდს გავმართავთ. ორივე შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც ინვესტიციების მოზიდვას კორეადან, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის ექსპორტს ამ ქვეყანაში, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია აზიის კონტინენტზე,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან პირველი ინვესტიცია განხორციელდა 1997 წელს, მას შემდეგ, 2020 წლის ჩათვლით, საერთო ინვესტიციის მოცულობამ 204.32 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

მხარეებს შორის პირველადი კონსულტაციები საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით სეულში, 2019 წლის დეკემბერში, ხოლო პირველი ოფიციალური რაუნდი 2021 წლის 24-25 ივნისს გაიმართა.

საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.

შემთხვევითი სიახლე

რა თემები განიხულა ლევან დავითაშვილმა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის  ენერგეტიკის მინისტრებთან?

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა …